ნონა მამულაშვილი უმრავლესობის წევრებს „ოცნების” დატოვებისკენ მოუწოდებს

ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” წევრმა, ნონა მამულაშვილმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განცხადებით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს „ოცნების” დატოვებისკენ მოუწოდა.

„მინდა, მოგიწოდოთ, თქვენ პრეზიდენტს გადააყენებთ თუ არ გადააყენებთ, მხარს დაუჭერთ სანქციებს თუ არ დაუჭერთ, რუსეთში გაყიდით ყველს და მწვანილს თუ არ გაყიდით, საქართველოს ბედი დღეს წყდება უკრაინაში, ამიტომ, დიდი თხოვნა მექნება იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ადარდებს ქვეყნის ბედი, დატოვეთ ეს „რუსული ოცნება”. ნუ გახდებით საქართველოს ისტორიაში ახალი ორჯონიკიძეები. სამწუხაროდ თქვენ სიტყვით და პირბადეებით უჭერთ მხარს უკრაინას, მაგრამ საქმით თქვენ აღმოჩნდით რუსეთის მეგობარი ქვეყნების სიაში. თქვენ ლანძღავთ უკრაინის პრეზიდენტს და ეძახით მას ნაციონალს და გეშინიათ პუტინის სახელის ხსენება. უყურებთ როგორ იხოცებიან უკრაინელი ბავშვები და ყველის ბაზარზე ოცნებობთ. მთელი მსოფლიო რუსეთისკენ იშვერს ხელს და 2008 წლის ომში უმოქმედობის გამო საქართველოს ბოდიშს უხდის და ამასობაში თქვენს საკუთარ ქვეყანას აბრალებთ ომის დაწყებას.

მსოფლიო მიხეილ სააკაშვილის როლზე საუბრობს რუსეთთან უთანასწორო ბრძოლაში გაწეული უდიდესი შრომის გამო, თქვენ ეს ადამიანი ტყვეობაში გყავთ. ევროკავშირში გაწევრიანებაზე გვესაუბრებით და მსოფლიო სანქციებს არ უერთდებით, „ალტ-ინფოს” არეგისტრირებთ და უკვე ერთი კვირაა „ანტიპუტინისტურ მოძრაობას” მიხარვეზებთ. საქართველოში დღეს თქვენ სამარცხვინო გვერდს წერთ ჩვენს ისტორიაში.

თუმცა, დარწმუნებული ვარ, თქვენ შორისაც მოიძებნება ჯერ კიდევ საღად მოაზროვნე ხალხი. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც განიცდით რომ გიწევთ მონობაში ყოფნა და იძულებით საუბარი იმის რისიც არ გჯერათ”, – მიმართა ნონა მამულაშვილმა უმრავლესობის წევრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები