ანა ნაცვლიშვილი: 3 მარტს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააგზავნა ქართველმა ხალხმა, ხოლო ხელისუფლება, ამ განაცხადს უერთდება თუ არა, ეს მან ჯერ კიდევ უნდა აჩვენოს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო” – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე გაკეთებული განაცხადი არის ისტორიული შესაძლებლობა იმისათვის, რომ უკეთესი საქართველო დავუტოვოთ მომავალ თაობას.

„3 მარტს გაკეთდა ისტორიული და უმნიშვნელოვანესი განაცხადი, მაგრამ ამ დარბაზში ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ ეს არ არის მხოლოდ წერილის გაგზავნა და ეს განაცხადი დარჩება განაცხადად, თუ მას არ მოჰყვება და ზურგს არ გაუმაგრებს ქვეყნის შიგნით ძალიან კონკრეტული, ძალიან სწრაფი და ძალიან სწორი ნაბიჯები. ამიტომ რიტორიკა, რომ ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ და დანარჩენი ევროკავშირზეა, ეს ასე არ არის. ეს არის პროცესი, რომელიც ახლა დაიწყო.

ხაზგასმით ვიტყვი – განაცხადი 3 მარტს ევროკავშირში გაწევრიანებაზე გააგზავნა ქართველმა ხალხმა, ხოლო ხელისუფლება, რომელიც არის ამ ქვეყნის სათავეში, ამ განაცხადს უერთდება თუ არ უერთდება, ეს მან ჯერ კიდევ უნდა აჩვენოს. უნდა აჩვენოს გულწრფელი და კონკრეტული ნაბიჯებით, რომელიც ამ განაცხადს ზურგს გაუმაგრებს. ნაბიჯებით, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების წინაშე არსებულ გამოწვევებს რეალურად უპასუხებს. ეს არის ისტორიული შესაძლებლობა და რამდენადაც არ უნდა მოგვწონდეს და მიუღებელი ვიყოთ ჩვენ ერთმანეთისთვის, მე გთხოვდით, რომ ვიფიქროთ იმ თაობაზე, რომელიც ან მიიღებს უკეთეს საქართველოს, ან ვერ მიიღებს ჩვენი კინკლაობის გამო”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისივე თქმით, სამაგალითოა უკრაინელთა ქცევა ამ მძიმე ჟამს, როდესაც ხდება სახელმწიფო ინტერესების დაცვა ყველაფრის ფასად – ხალხს ბომბები აცვივა თავზე და ისინი ახერხებენ, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი გამართულად მუშაობდეს.

„საქართველოს პარლამენტით დაწყებული, სხვა სახელმწიფო უწყებებით გაგრძელებული, ჩვენ ძალიან შორს ვართ იმ სტანდარტისგან, რასაც ომში მყოფ ქვეყანაში ვხედავთ. რამდენჯერ უნდა დაისვას საკითხი, რომ ის თემები, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს აღელვებთ ომთან დაკავშირებით, თუ ომისგან დამოუკიდებლად, ამაზე პარლამენტი უნდა მუშაობდეს. ჩემთვის გაუგებარია, აუხსნელია. ომის შედეგებს ჩვენი ქვეყანა უკვე გრძნობს, გრძნობს საზღვარზე სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების ძალიან გაზრდილი რაოდენობით, გრძნობს ეკონომიკაზე, და ა. შ. როდის და ვინ უნდა ჩასვას ეს მოქალაქეების წუხილები სამუშაო ფორმატში, ეს ხომ არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხები და ის საკითხები, სადაც პარტიულ ხაზებს მიღმა უნდა ვახერხებდეთ მუშაობას. რამდენი ინიციატივა უნდა წამოვიდეს ოპოზიციის მხრიდან საჯარო თუ არასაჯარო, რომ იქნებ ოფიციალურ ინსტიტუციურ რეჟიმში შევძლოთ ამ საკითხებზე მუშაობა, არა მხოლოდ საუბარი და კინკლაობა.

სახელისუფლებო ვაკუუმი სულ უფრო და უფრო მძიმეა და ამიტომ იქმნება შემდეგ შაქრის დეფიციტი თაროებზე. ეს შაქრის დეფიციტი არ არის, ეს ხელისუფლების დეფიციტია, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს უმძაფრებს მერე იმ შიშებს, რომლებიც მათ ბუნებრივად ექმნებათ”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები