დავით ხაჯიშვილი – სახელისუფლებო გუნდს: თქვენი მესიჯბოქსი საერთოა – რუსეთის არგაღიზიანება
„თქვენი მესიჯბოქსი საერთო იყო: რუსეთის არგაღიზიანება, რუსეთის – როგორც აგრესორის არხსენება უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაშიც და პირად განცხადებებშიც, თუმცა, ქართველი ხალხის მოწოდებებმა ქუჩაში და ოპოზიციამ პარლამენტში გაიძულათ, რუსეთის მიმართ სიტყვა „აგრესორი” გამოგეყენებინათ და ევროკავშირში გაწევრიანებაზე განცხადება გაგეკეთებინათ”, – მიმართა სახელისუფლებო გუნდს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” წევრმა, დავით ხაჯიშვილმა სახელისუფლებო გუნდს.
მისი თქმით, მესიჯბოქსები განახევრებულია, მაგრამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ძველი გზავნილებით იხელმძღვანელა.
„მან ვერ შეძლო, ეპასუხა კითხვაზე, იყო თუ არა რუსეთი აგრესორი და რუსეთმა დაიწყო თუ არა ომი უკრაინაში? ის შეიძლება სულაც არ ფიქრობდა ისე, როგორც თქვა, მაგრამ მასში მონური მორჩილება იმდენად დიდია, რომ თქვა ის, რასაც ამბობდით თქვენ”, – მიმართა დავით ხაჯიშვილმა სახელისუფლებო გუნდს.
მისი თქმით, რიჟვაძის განცხადებებს ისმენს საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის, უკრაინის სახელმწიფოც, რომლისთვისაც მისი განცხადება იყო დარტყმა მეგობარი ქვეყნიდან.