სოზარ სუბარი: ამაზე დიდი მტრობა ქვეყნისა არ არსებობს როდესაც საქართველოს, ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას ოკუპანტებთან თანამშრომლობას აბრალებენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პატივისცემა გმირი უკრაინელი ხალხისა და უკრაინის დამცველი გმირების მიმართ და აღნიშნა, რომ „არ არსებობს მსოფლიოში ერი, რომელსაც ჩვენზე უკეთ ესმოდეს რა ხდება დღეს უკრაინაში, არ არსებობს იმიტომ, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენზე მეტად არავის გამოუცდია ის აგრესია რაც ოკუპაციას მოსდევს“. დეპუტატი თავის გამოსვლაში ოპოზიციონერი კოლეგების განცხადებებს გამოეხმაურა.
„ის განცხადებები, რომელიც ახლა მოვისმინეთ, რომელიც რამდენიმე დღის წინ უკრაინის ერთ-ერთ ტელეეთერში გააკეთა საქართველოს პარლამენტის წევრმა, ქალბატონმა ხატია დეკანოიძემ, პირდაპირ არის ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო. საწინააღმდეგოა, როდესაც საქართველოს, ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას ოკუპანტებთან თანამშრომლობას აბრალებენ. ამაზე დიდი მტრობა ქვეყნისა არ არსებობს.
ვისაც არ ახსოვს, ახლა შევახსენებ რა გადაგვიტანია ბოლო თუნდაც ერთი საუკუნის განმავლობაში.
შევახსენებ, რომ 33 წლის წინ 9 აპრილს სწორედ აქ დაიღვარა თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველების სისხლი და ძალიან ბევრი ვართ დღესაც ამ დარბაზში, ვინც მაშინ იქ ვიდექით საბჭოთა კავშირის ყველაზე სასტიკი სპეცრაზმის წინაშე.
იმასაც შევახსენებ, რომ საქართველომ ამ წლების განმავლობაში, რამდენიმე ომი გადაიტანა დამოუკიდებლობისთვის. ავიწყდებათ, რომ საქართველოს 22% არის ოკუპირებული და ავიწყდებათ ისიც, რომ ნახევარი მილიონი კაცი არის დევნილი ან ლტოლვილი, გაქცეული ქვეყნიდან სწორედ ამ ოკუპაციის შედეგად. და აქედან როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ უკრაინელ ლტოლვილებს უნდა დავეხმაროთ, დიახ, ჩვენ მივიღებთ არაერთ ადამიანს, მაგრამ როდესაც ამისკენ მოგვიწოდებს პოლიტიკური ძალა, რომელიც საკუთარ დევნილებს ყრიდა საკუთარი დროებით დაკავებული სახლებიდან და ასახლებდა ზოგს სად და ზოგს სად, სასტიკად სპეცრაზმის საშუალებით, უბრალოდ, რბილად რომ ვთქვა მათგან ძალიან მიუღებელია მსგავსი განცხადებების გაკეთება და მათ გულწრფელობაში ეჭვი გვეპარება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.