თეონა აქუბარდია: პრეზიდენტს აქვს ნომინალური, თუმცა, მნიშვნელოვანი უფლებები და შეუძლია, ისაუბროს ეროვნულ უსაფრთხოებაზე
„ის, რომ ნებისმიერი განსხვავებული და კრიტიკული აზრი არის მტრულად აღქმული ხელისუფლების მხრიდან, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, როდესაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურაზე დაიწყო საუბარი იმ საბაბით, რომ თურმე პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესზე, ევროკავშირში გაწევრიანებასთან მიმართებით განახორციელა პირადი ვიზიტები ევროპულ დედაქალაქებში. ეს ხდება მაშინ, როდესაც დღეს ქვეყანას ემუქრება სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხე რუსეთის მხრიდან და ეს ხდება მაშინ, როდესაც ყველა ერთად, არა მხოლოდ უნდა დავდიოდეთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში, არამედ უნდა ვმუშაობდეთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ევროპული არჩევანი”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
დეპუტატი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საკითხს გამოეხმაურა და უმრავლესობის წევრებს პოლარიზაციის შემცირებისკენ მოუწოდა. „ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია დამოკიდებულება, როდესაც უმრავლესობა გვეუბნება, რომ თურმე ოპერატიულ თათბირებს მართავენ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე და ამიტომ არ არის საჭირო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა. ეს არის ერთის მხრივ, კანონის დარღევა და მეორეს მხრივ, ეს არის ქართული ოცნების განგრძობით დამოკიდებულება ეროვნული უსაფრთხოების მიმართ.
პრეზიდენტს აქვს, ნომინალური, თუმცა მნიშვნელოვანი უფლებები, როგორც უმაღლეს მთავარსარდალს და დიახ, პრეზიდენტს შეუძლია არა მხოლოდ ისაუბროს ეროვნულ უსაფრთხოებაზე, არამედ გთხოვოთ თქვენ, რომ ამ საუბრის მონაწილე იყოს. გახსენებთ, რომ ჩვენ გვყავს რეალური მტერი, რომელსაც აქვს ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული და მისი საოკუპაციო ძალა თბილისიდან 40 კილომეტრში დგას. ნუ ისაუბრებთ ოპერატიულ თათბირებზე, როდესაც არსებობენ ინსტიტუტები. ინსტიტუციებს პატივი ვცეთ, იმიტომ რომ ეს არის გზა დემოკრატიის. ნუ დაყოფთ საზოგადოებას და ნუ გავაძლიერებთ იმ პოლარიზაციით მტერს”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.