პაატა მანჯგალაძე – საპარლამენტო უმრავლესობას: რატომ ხარჯავთ ძვირფას დროს მეორეხარისხოვანი შიდაპარტიული მიზნებისთვის, როცა რუსეთის აგრესიამ მსოფლიოს აჩვენა, რომ პირველი მსხვერპლი იყო საქართველო
„რატომ ხარჯავთ ძვირფას დროს დღესაც მეორეხარისხოვანი შიდაპარტიული მიზნებისთვის, როცა რუსეთის აგრესიამ მსოფლიოს აჩვენა, რომ პირველი აგრესიის მსხვერპლი იყო საქართველო. ეს უნდა გამოვიყენოთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – საერთაშორისო ასპარეზზე კონსოლიდებისთვის, რომ საქართველო იყოს უფრო მეტად დაცული, ვიდრე ვართ დღეს, რადგან საფრთხე არის რეალური”, – ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „რეფორმების ჯგუფის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.
მისი თქმით, აუცილებელია, შეიქმნას ისეთი ფორმატები, სადაც ხელისუფლება და ოპოზიცია ერთიანად იქნება წარმოდგენილი.
„უკრაინაში არსებული რუსული აგრესიის ფონზე, მარტივად არ არის საკითხი, არც საქართველოსთვის, არც საქართველოს ხელისუფლებისთვის, მაგრამ, აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ისე ახლოს არ ვყოფილვართ ჩვენი ეროვნული მიზნების მიღწევასთან, რასაც ჰქვია დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს შექმნა და მისი დაცვა ევროპულ სტრუქტურებში – ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციით. ეს არის აბსოლუტური რეალობა და მე მინდა, მივმართო ჩვენს კოლეგებს უმრავლესობიდან, რომ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა თანხმობისთვის – შევქმნათ ფორმატები, სადაც ხელისუფლება და ოპოზიცია იქნება ერთიანად წარმოდგენილი ამ პროცესებში, რადგან ეს არ არის არცერთი პარტიის, არცერთი ხელისუფლების ამოცანა, ეს არის ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანა”, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.