ანა ბუჩუკური – უმრავლესობას: როდის წაიკითხეთ საქართველოს კონსტიტუცია ბოლოს?

“როდის წაიკითხეთ საქართველოს კონსტიტუცია ბოლოს? იმიტომ, რომ თქვენი მთავრობა და მათ შორის, პრემიერმინისტრი, ფაქტობრივად, პერმანენტულად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას”, – ასე მიმართა პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს.

ბუჩუკურის თქმითვე, მმართველი გუნდის მიერ დღეს გავრცელებული განცხადება სახელმწიფო ინსტიტუტზე ერთგვარი თავდასხმაა.

„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო იმ განცხადებას, რომელიც სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მმართველმა პარტიამ გაავრცელა და რომელიც, ფაქტობრივად, ერთგვარი თავდასხმა იყო სახელმწიფო ინსტიტუტზე. ვგულისხმობ საქართველოს პრეზიდენტს. თქვენ საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდეთ, რომ კონსტიტუცია წაიკითხოს, დასდეთ ბრალი, რომ კონსტიტუციას არღვევს, თუმცა, თქვენთან ანალოგიური შეკითხვა მექნება, როდის წაიკითხეთ საქართველოს კონსტიტუცია ბოლოს? იმიტომ, რომ თქვენი მთავრობა და მათ შორის პრემიერ-მინისტრი ფაქტობრივად, პერმანენტულად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას”,-განაცხადა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, საგარეო პოლიტიკის განხორციელების პროცესში იკვეთება პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან დადასტურებას საჭიროებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები