ანა წითლიძემ უმრავლესობას უკრაინელი ლტოლვილების დახმარებისკენ მოუწოდა

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას” წევრი, ანა წითლიძე უმრავლესობას მოუწოდებს, ქმედითი ნაბიჯები გადადგან უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად.

„აქ თქვენ გაქვთ გამოფენილი უკრაინის დროშა და მე თქვენ გეტყვით, ძვირფასო უმრავლესობის წევრებო, ფარისევლურია თქვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი იმიტომ, რომ არცერთი ქმედითი ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლებას და პარლამენტს არ გადაუდგამს უკრაინელების დასახმარებლად. მაშინ, როდესაც 25 ათასზე მეტი რუსი არის შემოსული საქართველოში, რატომ ვერ მოიფიქრა საქართველოს ხელისუფლებამ და რატომ არ ეხმარებით დღემდე უკრაინელ ლტოლვილებს. თუ რეალურად უკრაინის დახმარება გინდათ, დააყენეთ ჩარტერული რეისები, ჩამოიყვანეთ უკრაინელი ლტოლვილები საქართველოში, დააბინავეთ და ხელი შეუწყეთ იმას, რომ ამ ადამიანებს დავეხმაროთ”, – მიმართა ანა წითლიძემ უმრავლესობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მან თავის გამოსვლაში 2008 წლის ომთან დაკავშირებით რეზოლუციაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ჰააგის სასამართლომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რითაც „სილა გააწნა უმრავლესობის ბინძურ პროპაგანდას 2008 წლის ომთან დაკავშირებით”. „რაც არ უნდა ილაპარაკოთ თქვენ რეზოლუციასთან დაკავშირებით, ერთი რამ არის ფაქტი – ეს რეზოლუცია იყო პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, სადაც მკაფიოდ ჩაიწერა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, სადაც დაიგმო ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება და რუსეთს დაევალა ჯარის გაყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, სადაც ჩაიწერა, რომ ეს იყო რუსეთ-საქართველოს ომი და არა ეთნიკური დაპირისპირება, როგორც უნდოდა ეს წარმოეჩინა რუსეთს. ამიტომაც თქვენი ეს პროპაგანდა არ მუშაობს აქ”, – განაცხადა ანა წითლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები