ნიკა მაჭუტაძე: ახლა საჭიროა მთელი საქართველოს კონსოლიდებული ძალისხმევა მსოფლიოს მხარდამხარ
„მართალია, 2008 წელს მსოფლიოს ესმოდა ჩვენი ხმა, მაგრამ არ ესმოდა საკმარისად, არ ისმოდა საქართველოს სიმართლე მაშინდელ მსოფლიოში იმიტომ, რომ თვითონ მსოფლიო არ აღმოჩნდა მზად დაენახა ის შიშველი სიცხადე და სიმართლე, რომელიც 2008 წელს იდგა საქართველოსთან მიმართებით”, – ამის შესახებ ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” წევრმა, ნიკა მაჭუტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ეს კონტექსტი ჩვენ სასარგებლოდაა და მსოფლიოში ისმის საქართველოს ამბები იმის თაობაზე, რომ აგვისტოს იმ საბედისწერო დღეებში საქართველო მართალი ყოფილა და რომ საქართველო იყო პირველთაგანი რუსული იმპერიის მსხვერპლებს შორის. „ეს სიტყვები, სამწუხაროდ, არ ისმის საქართველოს სახელმწიფოს ხელისუფლებისაგან. ჩვენ პირველები უნდა გამოვდიოდით ახლა მსოფლიოს წინაშე. გადაჭრელებული უნდა იყოს მსოფლიოს სააგენტოების და ოფიციალური დოკუმენტების გვერდები საქართველოს ოკუპაციის საკითხებით.
ჩვენ დროს ვკარგავთ ამ აბსოლუტურად მაჩანჩალა საგარეო და საშინაო პოლიტიკით. აქაოდა, ომი არ გვინდა ამ საბაბით, ამ პროპაგანდისტული ხრიკით. ღირსებას არასოდეს წაუგია ჩვენს ქვეყანაში ლაჩრობასა და შიშთან. ჩვენი ქვეყანა არ გამოფიტულა მიუხედავად ამდენი უბედურებისა. მრავალეთნიკური ქართველი ხალხი არ დაბერებულა, როგორც ერი, მიუხედავად მისი ასაკისა. მასში კვლავ არის თავისუფლების ეროვნული ენერგია და ეს ენერგია მოუბრუნდება ყველას, მოუბრუნდება საქართველოს ხელისუფალს და წალეკავს თუ დროზე არ მოეგო გონს, თუ ქვეყანა სამშვიდობოს არ გაიყვანა და თუ ღირსებას არ მოუხმო და არ შეწყვიტა ეს კოლონიალური კნავილი რუსული აქცენტებით”, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.
მისი თქმით, ახლა საჭიროა ერის კონსოლიდაცია, მთელი საქართველოს კონსოლიდირებული ძალისხმევა მსოფლიოს მხარდამხარ.
„ახლა საჭიროა ჩვენი დევნილების, ქართველთა ეთნოწმენდის, ჩვენი ოკუპაციის, ჩვენი 2008 წლის სიმართლის შეხსენება. ეს ეროვნული კონსოლიდაცია არ აინტერესებს დღეს საქართველოს ხელისუფლებას. ეს იქიდანაც ჩანს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ციხეში ჰყავს გამომწყვდეული. 2008 წლის სიმართლე არ აინტერესებს საქართველოს ხელისუფალს იმიტომ, რომ პუტინის რუსეთთან ერთი-ერთზე ნაომარი მთავარსარდალი დღეს მოგონილი ბრალდებებით პოლიტიკური პატიმარია საკუთარ ქვეყანაში. ეს კითხვები არსებობს და დამოკლეს მახვილივით ჰკიდია დღეს საქართველოს და მისი ხელისუფლების თავზე და პასუხებს მოითხოვს ისტორიისა და თანამედროვეობის ასევე, მომავლის წინაშე”, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.