ნატო ჩხეიძე: თუ პრეზიდენტი პოლარიზების შემცირების მომხრეა, სწორედ ის პოლარიზებაა მოსახსნელი, მიხეილ სააკაშვილის ნახევარ მილიონიან მომხრესა და „ქართულ ოცნებას” შორის

„თუ საქართველოს პრეზიდენტი პოლარიზების შემცირების მართლა მომხრეა, სწორედ ის პოლარიზებაა მოსახსნელი, მიხეილ სააკაშვილის ნახევარ მილიონიან მომხრესა და „ქართულ ოცნებას” შორის რომ არის და სწორედ რომ დროა, თქვენი დისკრეციული უფლება ახლა გამოიყენოთ ქალბატონო პრეზიდენტო”,- ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” – ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ნატო ჩხეიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატი საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს გამოეხმაურა, რომლითაც სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე გუშინ წარდგა. „იყო დრო, როდესაც ჩვენი ქვეყნის ახლანდელი პრეზიდენტი ოპოზიციონერის რანგში ირონიულად ბრძანებდა, „დიალოგიო”. ახლაც, გუშინ, თითქმის ლამის ოპოზიციონერ მანტია მოსხმული გვესაუბრებოდა „შერიგებაზე”.

ვშიშობ, ესეც ირონიად არ შემოტრიალდეს. „ქართული ოცნება” ამხილა, სამუშაო ვიზიტებს მიბლოკავენ ბრიუსელში, პარიზსა და სხვა ყველგანო და ჩემი პირადი კონტაქტებით ვმართავ შეხვედრებს და მერე მოსმენაც არ უნდათ და ბლოკავენ პარლამენტში ჩემს მოსვლას, არადა ჩემი გამოცდილება და პირადი კონტაქტები გამოსაყენებელია ქვეყნისთვის ამ ურთულეს ჟამსო და ეს რატომ არ ესმის ჩვენს მთავრობასო? გამოცდილება და პირადი კონტაქტები იმასაც ხომ უამრავი აქვს, პოლიტიკური პატიმარი რომ არის ახლა და საქართველოსაც და უკრაინასაც ამ ძნელბედობის ჟამს ფრიად რომ დაეხმარებოდა სწორედ ის კაცი, არადა არ შევიწყალებო, კიდევ ერთხელ რომ შეგვახსენა გუშინ უადგილოდ და შეგვახსენა იმ პრეზიდენტმა, პოლარიზება უნდა აღმოვფხვრათ ქვეყანაშიო რომ გვირჩევს და გვიმეორებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი პოლარიზების შემცირების მართლა მომხრეა, სწორედ ის პოლარიზებაა მოსახსნელი, მიხეილ სააკაშვილის ნახევარ მილიონიან მომხრესა და „ქართულ ოცნებას” შორის რომ არის და სწორედ რომ დროა, თქვენი დისკრეციული უფლება ახლა გამოიყენოთ ქალბატონო პრეზიდენტო.

მხოლოდ მაშინ იქნებით საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი და მხოლოდ მაშინ ენდობა მოსახლეობა თქვენს მრავალგზის შეგონებას ერთობის უძლეველობის შესახებ. თუ არადა ეს ჭეშმარიტად სწორი შეგონება რიტორიკად დარჩება და ფრაზაც „არ შევიწყალებ” „ქართული ოცნების” პარტიის კრიტიკის დამაბალანსებელ ნაბიჯად აღიქმება. კითხვა მაქვს პრეზიდენტთან – რა იქნება შემდეგი სამახსოვრო ფრაზა, რით გასამდება – „შევიწყალეო” ხომ არა? დროულად ჯობს ამ ფრაზის გაგონებაც, რადგან პოლარიზებას მართლაც აღმოფხვრით – ეს ერთი, საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი მართლაც აღმოჩნდებით – ორი, მიკერძოებულობის ეჭვიც გაიფანტება – ეს სამი და „ქართული ოცნების” პარტიამ გუშინ შეფარვით ლამის პრეზიდენტის იმპიჩმენტი რომ დააანონსა, ეგ რომ ვეღარ მოესწრება, ესეც ოთხი”,- განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები