გივი მიქანაძე: საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა მთელ მსოფლიოში, სადაც უკრაინაში განვითარებული ტრაგედიის ფონზე ოპოზიციის რადიკალური ფრთა ჰიბრიდულ ომს აწარმოებს

„საქართველო არის ერთადერთი სახელმწიფო მთელ მსოფლიოში, სადაც, უკრაინაში განვითარებული ტრაგედიის ფონზე, ოპოზიციის რადიკალური ფრთა აწარმოებს ჰიბრიდულ ომს, რითაც, პირველ რიგში, საქართველოსა და მის მოსახლეობას აზიანებს. ამის პარალელურად, რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, იკვეთება პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა, რაც გუშინ მის მიერ გაკეთებული განცხადებიდან ჩანს“, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მეგობარ ქვეყანაში თითქმის სამი კვირაა, მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია რუსეთის მხრიდან, რაც არღვევს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას, ლახავს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„რუსეთმა სრულიად უკანონოდ აღიარა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. 8 წლით ადრე, 2014 წელს მოახდინა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია. ამჟამად, ვრცელდება ცნობები ხერსონის ოლქში არალეგიტიმური რეფერენდუმისთვის მზადებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

გივი მიქანაძის განცხადებით, მთელი ცივილიზებული მსოფლიოს თვალწინ, ადგილი აქვს ქალაქების მასიურ დაბომბვას და სხვადასხვა სახის საომარ მოქმედებებს, რასაც ახლავს დიდი მსხვერპლი, მათ შორის, მშვიდობიან მოქალაქეებს – ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს შორის. მისი თქმით, რუსეთის სამხედრო აგრესიით გამოწვეულ უმძიმეს მდგომარეობას ემატება შექმნილი ჰუმანიტარული კატასტროფა.

„ვერ წარმომიდგენია, რომ შეიძლება, არსებობდეს ადამიანი, რომელიც გულგრილად უყურებს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და ყოველივე ზემოაღნიშნულის შემხედვარეს არ ახრჩობდეს ბრაზი. ფაქტია, რომ მსოფლიო, 21-ე საუკუნის დასაწყისში, გახდა უკრაინელი ხალხის მიმართ წარმოუდგენელი აგრესიის მოწმე“, – აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,

გივი მიქანაძის განცხადებით, ქართველებს ყველაზე მეტად ესმით და განიცდიან უკრაინაში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობას, რამეთუ საკუთარ თავზე გამოსცადა 2008 წელს რუსეთის აგრესია.

„ამიტომ, ყველაზე მეტად გულთან ახლოს მიგვაქვს და განვიცდით იმ ენით აუწერელ მდგომარეობას, რაც ახლა ჩვენს მეგობარ სახელმწიფოში ხდება“, – აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

გივი მიქანაძის განცხადებით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია შეწყდეს საომარი მოქმედებები, რომ აღარ იყოს მეტი მსხვერპლი, ნგრევა და ის უბედური შედეგები, რომლებიც ამ ომს ახლავს თან.

„ამისთვის, საჭიროა საერთაშორისო პარტნიორების კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაცია და ეფექტიანი მოქმედებები. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!“, – აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები