მამუკა მდინარაძე: გვსურს, ყველამ დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და არ ამოეფარონ გარკვეულ მიზეზებს, ეს სპეციალური ჩანაწერით ევალება, პირველ ყოვლისა, საქართველოს პრეზიდენტს
“ჩვენ იძულებულები ვართ, პრეზიდენტს კარგად განვუმარტოთ კონსტიტუციის კონკრეტული დათქმების შესახებ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კონსტიტუცია ყველამ უნდა დაიცვას.
„ჩვენ იძულებულები ვართ, პრეზიდენტს კარგად განვუმარტოთ კონსტიტუციის კონკრეტული დათქმების შესახებ, იმპიჩმენტზე საუბარი არ გვექნება, მაგრამ ამ რთული ვითარების ფონზეც კი ამაზე რომ არ ვისაუბროთ, შეუძლებელია. კონსტიტუციური პრინციპის დარღვევა არცერთმა ქვეყანამ და პოლიტიკურმა ძალამ არ უნდა გაატაროს. გვსურს, ყველამ დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და არ ამოეფარონ გარკვეულ მიზეზებს, ეს სპეციალური ჩანაწერით ევალება, პირველ ყოვლისა, საქართველოს პრეზიდენტს. არ შეიძლება ფორმალურად მივიჩნიოთ ისეთი საკითხები, რაც კონსტიტუციურ პრინციპს წარმოადგენს, ეს ჩამოშლის სახელმწიფოს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, საგარეო პოლიტიკის განხორციელების პროცესში იკვეთება პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან დადასტურებას საჭიროებს.