“ოცნება”: გუშინდელ გამოსვლაში პრეზიდენტს მისი ევროპული ვიზიტების შესახებ ერთი სიტყვაც არ უთქვამს, როცა 5 მარტს საგანგებო სხდომის მოწვევას სწორედ ვიზიტის შესახებ სასწრაფო მოხსენების წარდგენის აუცილებლობით ხსნიდა

გუშინდელ გამოსვლაში პრეზიდენტს მისი ევროპული ვიზიტების შესახებ ერთი სიტყვაც არ უთქვამს, როცა 5 მარტს საგანგებო სხდომის მოწვევას სწორედ ვიზიტის შესახებ სასწრაფო მოხსენების წარდგენის აუცილებლობით ხსნიდა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, რითაც მმართველი პარტია პრეზიდენტის წლიურ მოხსენებას გამოეხმაურა.

როგორც “ოცნებაში” აცხადებენ, აღნიშნული ცხადყოფს, რომ პრეზიდენტი ევროპიდან რაიმე ხელშესახები შედეგის გარეშე დაბრუნდა.

“კონსტიტუციური დათქმის დარღვევით, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც ეს მან გუშინდელ სხდომაზე თავადაც აღიარა, განახორციელა რამდენიმე ვიზიტი სხვადასხვა ქვეყანაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ვიზიტები პრეზიდენტმა მთავრობასთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციის გარეშე დაგეგმა და მთავრობას ვიზიტების შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ აცნობა, რაც ადასტურებს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია წინასწარი განზრახვით დაარღვია. ჩვენ გავუფრთხილდით პრეზიდენტის ინსტიტუტს და ეს ფაქტი არ გავასაჯაროვეთ, თუმცა, ახლა, როდესაც პრეზიდენტმა ის თავად გაასაჯაროვა, მასზე პოლიტიკური რეაგირება აუცილებლად მიგვაჩნია. საინტერესოა, რომ გუშინდელ გამოსვლაში პრეზიდენტს მისი ევროპული ვიზიტების შესახებ ერთი სიტყვაც არ უთქვამს, როცა 5 მარტს საგანგებო სხდომის მოწვევას სწორედ ვიზიტის შესახებ სასწრაფო მოხსენების წარდგენის აუცილებლობით ხსნიდა. ეს ფაქტი იმასაც ცხადყოფს, რომ პრეზიდენტი ევროპიდან რაიმე ხელშესახები შედეგის გარეშე დაბრუნდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები