“ოცნება”: კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემთხვევაში შეუძლია საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოება და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება
კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემთხვევაში შეუძლია საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოება და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება. ამ კონსტიტუციური დათქმის დარღვევით, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც ეს მან გუშინდელ სხდომაზე თავადაც აღიარა, განახორციელა რამდენიმე ვიზიტი სხვადასხვა ქვეყანაში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, რითაც მმართველი პარტია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ გამოსვლას ეხმიანება.
“კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემთხვევაში შეუძლია საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოება და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება. ამ კონსტიტუციური დათქმის დარღვევით, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც ეს მან გუშინდელ სხდომაზე თავადაც აღიარა, განახორციელა რამდენიმე ვიზიტი სხვადასხვა ქვეყანაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ვიზიტები პრეზიდენტმა მთავრობასთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციის გარეშე დაგეგმა და მთავრობას ვიზიტების შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ აცნობა, რაც ადასტურებს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია წინასწარი განზრახვით დაარღვია. ჩვენ გავუფრთხილდით პრეზიდენტის ინსტიტუტს და ეს ფაქტი არ გავასაჯაროვეთ, თუმცა, ახლა, როდესაც პრეზიდენტმა ის თავად გაასაჯაროვა, მასზე პოლიტიკური რეაგირება აუცილებლად მიგვაჩნია. საინტერესოა, რომ გუშინდელ გამოსვლაში პრეზიდენტს მისი ევროპული ვიზიტების შესახებ ერთი სიტყვაც არ უთქვამს, როცა 5 მარტს საგანგებო სხდომის მოწვევას სწორედ ვიზიტის შესახებ სასწრაფო მოხსენების წარდგენის აუცილებლობით ხსნიდა. ეს ფაქტი იმასაც ცხადყოფს, რომ პრეზიდენტი ევროპიდან რაიმე ხელშესახები შედეგის გარეშე დაბრუნდა”, – აღნიშნულია განცხადებაში.