მეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა დანაშაული აღიარა

მეტროსადგურ „ისანში“ არასრულწლოვან შშმ პირზე ძალადობის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, პატრულ-ინსპექტორმა, კახაბერ ბაკაშვილმა სასამართლო სხდომაზე დანაშაული აღიარა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბაკაშვილი ძალადობის ფაქტს შეესწრო და რეაგირება არ ჰქონია.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ნუკრი ბაქრაძეს, რომელსაც არასრულწლოვანის ცემას ედავებიან, ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. მას ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, რაც სასჯელის სახედ 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, მეტროსადგურ „ისანში“ შემთხვევა 23 იანვარს მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაში ნაჩვენებია, რომ პატრულ-ინსპექტორი არასრულწლოვან შშმ პირს ფიზიკურად უსწორდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები