„ქართული ოცნება“: საქართველოს პრეზიდენტს არ ექვემდებარება საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული არცერთი სახელმწიფო უწყება, რაც მის მიერ ამ უფლებამოსილების განხორციელებაში ეფექტიან ჩართვას შეუძლებელსაც კი ხდის
საქართველოს პრეზიდენტს არ ექვემდებარება საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული არცერთი სახელმწიფო უწყება, რაც მის მიერ ამ უფლებამოსილების განხორციელებაში ეფექტიან ჩართვას შეუძლებელსაც კი ხდის, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.
„როგორც ცნობილია, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას საქართველოს მთავრობას ანიჭებს. საპარლამენტო რესპუბლიკის პრინციპების შესაბამისად, საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში ჩართვა საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის საგანგებო თანხმობით შეუძლია.
აქვე დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ ექვემდებარება საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული არცერთი სახელმწიფო უწყება, რაც მის მიერ ამ უფლებამოსილების განხორციელებაში ეფექტიან ჩართვას შეუძლებელსაც კი ხდის. როგორც უკვე აღინიშნა, ეს თავისებურებები საპარლამენტო რესპუბლიკის პრინციპებიდან გამომდინარეობს.
სწორედ საგარეო პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნა. შესაბამისი აქტი პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით გამოიცემა, ამგვარ აქტზე კი, კონსტიტუციის თანახმად, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მხოლოდ მთავრობას ეკისრება. ეს ნიშნავს, რომ ელჩის განწესების მატერიალურ უფლებამოსილებას კონსტიტუცია მთავრობას ანიჭებს, პრეზიდენტს კი ამ სფეროში მხოლოდ სამართლებრივი და ცერემონიული უფლებამოსილება აქვს მინიჭებული. ამასთან, თანახელმოწერის დათქმაც რომ არ იყოს დადგენილი, ყველა საპარლამენტო რესპუბლიკაში ელჩის დანიშვნის უფლებამოსილება სწორედ ამ სახით განიმარტება – პრეზიდენტი ელჩებს ფორმალურად ნიშნავს, მათ შერჩევაზე კი, პოლიტიკურ-პრაქტიკული თვალსაზრისით, მთავრობაა პასუხისმგებელი. გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა, რაც საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება. გასული თვეების განმავლობაში შედგა არაერთი შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს შორის, სადაც პრეზიდენტს არაერთგზის ნათლად განემარტა საქართველოს კონსტიტუციის შინაარსი, თუმცა, სამწუხაროდ, უშედეგოდ. ამ პირობებში, საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.
საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროში საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილების შესაბამისად, საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოებისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების კუთხითაც, საქართველოს კონსტიტუცია პრიორიტეტს მთავრობას ანიჭებს. კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემთხვევაში შეუძლია საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოება და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება. ამ კონსტიტუციური დათქმის დარღვევით, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც ეს მან გუშინდელ სხდომაზე თავადაც აღიარა, განახორციელა რამდენიმე ვიზიტი სხვადასხვა ქვეყანაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ვიზიტები პრეზიდენტმა მთავრობასთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციის გარეშე დაგეგმა და მთავრობას ვიზიტების შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ აცნობა, რაც ადასტურებს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია წინასწარი განზრახვით დაარღვია“, – აღნიშნულია მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებაში.