გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ არავისთან კონფრონტაციას არ ვეძებთ, გვინდა, ჯანსაღი ურთიერთობა იყოს ყველა ორგანოსთან, მათ შორის, ისეთ დამოუკიდებელ ინსტიტუციასთან, როგორიც პრეზიდენტია
“ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას პარლამენტი განსაზღვრავს, რასაც შემდეგ აღასრულებს მთავრობა და თუ პრეზიდენტი უცხოეთში შეხვედრებს გამართავს, ეს უნდა იყოს შეთანხმებული მთავრობასთან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა პრეზიდენტის წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტისა და მთავრობის ფუნქციების აღრევა არ უნდა მოხდეს.
„არავინ აკნინებს იმას, რომ პრეზიდენტს უფლება აქვს მათ შორის, პირადი რესურსი გამოიყენოს საქართველოს სასარგებლოდ, რაც არაერთხელ გაუკეთებია და იმედია, ამას გააგრძელებს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფუნქციების აღრევა შეიძლება, მოხდეს პრეზიდენტისა და მთავრობის ფუნქციებს შორის. ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას პარლამენტი განსაზღვრავს, რასაც შემდეგ აღასრულებს მთავრობა და თუ პრეზიდენტი უცხოეთში შეხვედრებს გამართავს, ეს უნდა იყოს შეთანხმებული მთავრობასთან. ჩვენ არავისთან კონფრონტაციას არ ვეძებთ, ეს არ არის ჩვენი სტილი. გვინდა, ჯანსაღი ურთიერთობა იყოს ყველა ორგანოსთან, მათ შორის ისეთ დამოუკიდებელ ინსტიტუციასთან, როგორიც პრეზიდენტია. რა თქმა უნდა, პრეზიდენტი უცხოეთში შეხვედრებს გამართავს, მაგრამ ოფიციალურ შეხვედრებზე მთავრობის თანხმობა უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას მისი საერთაშორისო საქმიანობის მიმართ ხელისუფლების მხრიდან შეზღუდვების დაწესებაზე ისაუბრა და ამას გაუგებარი უწოდა. როგორც მან აღნიშნა, 26 თებერვალს მას უარი ეთქვა პარიზში, ბერლინში, ვარშავასა და ბრიუსელში სამუშაო ვიზიტების განხორციელებაზე. მისივე თქმით, შეხვედრები მან პირადი კონტაქტების მეშვეობით გამართა და სამუშაო შეხვედრები პირად შეხვედრებად აქცია.