თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსის ახალი შტამი გამოვლინდა, რომელიც “დელტსა” და “ომიკრონის” ჰიბრიდია
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მეცნიერებმა, სავარაუდოდ, კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს.
მისივე განმარტებით, ახალი შტამი “დელტა” და “ომიკრონ” შტამების ჰიბრიდული ვარიანტია და მას პირობითად “დელტამიკრონი” უწოდეს.
“რიგმა სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მარსელის უნივერსიტეტის პროფესორთა ჯგუფმა წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად ახალი შტამი დაფიქსირდა. ეს ახალი შტამი სულ ცოტა 17 ავადმყოფში დაფიქსირდა – აშშ-სა და ევროპაში. აქედან 3 შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთში.
რამდენადაც ჯერ შემთხვევების რაოდენობა მცირეა, ჯერჯერობით, ვერ საუბრობენ, თუ რამდენად გადამდები იქნება ეს შტამი და რამდენად სწრაფად შეიძლება, გავრცელდეს ან რამდენად მძიმე ან მსუბუქი მიმდინარეობის იქნება.
მაგრამ, რამდენადაც ეს შტამი უკვე გაშიფრულია, ეს არის ჰიბრიდი “დელტასი” და “ომიკრონის”, კერძოდ, მას აქვს “ომიკრონის” სპაიკ ცილა, ანუ ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზმში შეჭრაზე, შესაბამისად, გავრცელების სისწრაფეზე. სტრუქტურული ძირითადი ცილები კი აქვს “დელტასგან”. ამიტომ, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ამ შტამს ჰქონდეს “ომიკრონის” გავრცელების უნარი და “დელტას” მიმდინარეობის სიმძიმე. ჯერჯერობით, ეს მსჯელობა ეყრდნობა მხოლოდ ახალი შტამის სტრუქტურის მეცნიერულ ანალიზს. სტრუქტურებზე ახალი ინფორმაცია არ არის. როგორც ჩანს, მას ახასიათებს კორონავირუსის ჩვეული სიმპტომები,” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ “რუსთავი 2-თან” საუბრისას.