დავით სონღულაშვილი საქართველოში ლიეტუვას რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი საქართველოში ლიეტუვას რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანდრიუს კალინდრას შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ლიეტუვას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში განსაკუთრებულად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობა. მხარეებმა ისაუბრეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შესახებ და შეაფასეს რეგიონში შექმნილი, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კუთხით არსებული გარემო.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ლიეტუვას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, რაც გულისხმობს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას, სექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებასა და ლიეტუვის მხარის გამოცდილების გაზიარებას. ელჩმა, კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ლიეტუვის ურყევი და უპირობო მხარდაჭერა დაუდასტურა. აგრეთვე, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების პროცესში და შემდგომ ეტაპებზე ლიეტუვის მხარის მაქსიმალურ ჩართულობასა და მტკიცე მხარდაჭერას დაჰპირდა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ კომიტეტი და საელჩო მუდმივ კავშირზე იქნებიან ერთმანეთთან. შეხვედრის დასასრულ, ელჩმა კომიტეტის თავმჯდომარე ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტით მიიწვია.