ნიკოლოზ სამხარაძემ ჰუბერტ ქნირშთან უსაფრთხოების საკითხები განიხილა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი ხელაშვილთან ერთად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, რუსეთთან მიმართებით ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებზე და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ელჩს საკუთარი ხედვები გააცნეს მოვლენების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით. გერმანელმა დიპლომატმა დეპუტატებს გერმანიის მიერ გადადგმული ნაბიჯები და ამ მიმართულებით მათი სამომავლო გეგმები გააცნო.

„გერმანია ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი პარტნიორია და, როგორც ყოველთვის, ამ მძიმე დროსაც, უსაფრთხოების და ეკონომიკურ საკითხებში გერმანიის მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს ევროკავშირში საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადის შესახებ. „მოლოდინი გვაქვს, რომ ევროკომისიის დასკვნა იქნება დადებითი და საქართველო მომავალშიც გააგრძელებს რეფორმების გზით სიარულს იმისთვის, რომ კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს. ამ მიმართულებითაც გერმანიის მხარდაჭერის იმედი გვაქვს”,  – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები