მამუკა მდინარაძე: საქართველო ყველა საერთაშორისო პლატფორმიდან უზრუნველყოფს მეგობარი უკრაინის მხარდაჭერას
„საქართველო, ყოველთვის, ყველა საერთაშორისო პლატფორმიდან უზრუნველყოფს მისი მეგობარი უკრაინის მხარდაჭერას, ისევე, როგორც ჰუმანიტარულ მხარდაჭერას”,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოუსმინეს. „რა შეიძლება, დავარქვათ იმას, რაც დღეს ხდება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ? რუსეთის ღია აგრესია, ომი უკრაინაში, მისი ოკუპაციური ზრახვები და საინფორმაციო-ჰიბრიდული ომი საქართველოში. სამწუხაროდ, გვაქვს ომის გამოცდილება, გვაქვს გამოცდილება, მათ შორის, როგორ არ შეიძლება, მოეპყრო საკუთარ ქვეყანას, გვაქვს გამოცდილება, როგორ დაიპყრო და მოახდინა ოკუპაცია ჩვენი ტერიტორიებისა რუსეთმა – ოკუპანტმა ქვეყანამ. როგორ დაერქვა კოდორს აფხაზეთი, როგორ სიტყვა „ყოფილის” დამატებით, მაგრამ მაინც დაარქვეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და როგორ დაადგინეს მისი საზღვრები. აგვისტოს ომის შემდეგ როგორ დააბრალეს საკუთარ ქვეყანას ომის დაწყება, თუმცა, ტყუილი და ამ დღეებში ამაზე ბევრი საუბარი იყო და არ შეიძლება, ამაზე კომენტარი არ გავაკეთოთ – როგორ დააბრალეს, როგორ დაადანაშაულეს საკუთარი ქვეყანა ომის დაწყებაში. როგორ მიყიდეს სტრატეგიული ობიექტები ამ ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლებმა რუსულ კომპანიებს და როგორ ახორციელებენ დღეს ქსენოფობიურ კამპანიას, როგორ ქმნიან და ბინების მიქირავებაზე და ტურისტების ჩამოსვლა-არ ჩამოსვლაზე ლაპარაკობენ და ამით უტრირებენ. როგორ დააწესეს უვიზო რეჟიმი რუსეთთან ნაწილობრივ, 2010 წელს სრულად – 2012 წლის თებერვალში. როგორ დამალეს ისკანდერის ნაწილები და არაფერი გააკეთეს მტკიცებულებების მოსაპოვებლად, რისი გაკეთებაც ჩვენ მოგვიწია და ძალიან კარგი, რომ ეს ასე მოხდა. და რა შედეგი მივიღეთ ამასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ, ეს, სამწუხაროდ, დღეს არავის აღუნიშნავს ამ ტრიბუნიდან. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო კიდევ ერთი გამარჯვება სამართლებრივ სივრცეში, საერთაშორისო სამართლებრივ სფეროში სტრასბურგის სასამართლოს ორი გადაწყვეტილების შემდეგ და ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ფრაქციის თავმჯდომარემ ისაუბრა 2012 წლის შემდეგ, საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის მიმართულებით მიღწეულ პროგრესზეც. „გარდა იმისა, რომ ჩვენ საერთაშორისო სამართლებრივ ასპარეზზე წარმატებები მოვიპოვეთ, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე 2014 წელს ხელი მოაწერა საქართველომ ასოცირების შეთანხმებას და უკვე რვა წელია, ის წარმატებით სრულდება. 2017 წლიდან საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 2014 წლის 27 ივნისს იქნა ხელმოწერილი-საქართველო აღიარებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის უპირობო ლიდერად. მრავალი მიმართულებით, წინ ვუსწრებთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომლებიც, უკვე სარგებლობენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისივე თქმით, ოკუპანტი ქვეყანა ისევ აგრძელებს ღია აგრესიის წარმოებას და თანამედროვე სამყარო მის შეჩერებას სხვადასხვა გზებით ცდილობს. ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც საქართველო მეგობარი ქვეყნის მხარდასაჭერად დგამს. „რას აკეთებს საქართველო ამ დროს? ეს კითხვა ისმება და საქართველოს ფარგლებს გარეთ ქვეყნის დაზიანების მცდელობებიც ვნახეთ. ჩვენ არაერთხელ ვთქვით – საქართველო ყოველთვის ყველა საერთაშორისო პლატფორმიდან უზრუნველყოფს მისი მეგობარი უკრაინის მხარდაჭერას, ისევე, როგორც ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. მათ შორის, იმ დამაზიანებელი განცხადებების საპასუხოდ, რასაც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ქვეყნის შიგნით და გარეთ ვისმენთ: საქართველო გახდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის თანაავტორი, რომელიც გმობს უკრაინაში რუსეთის შეჭრას და მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას. საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას, რუსეთისთვის წარმომადგენლობის უფლების შეჩერებაზე ევროპული საბჭოს მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეაში. საქართველომ ეუთოს 44 წევრ სახელმწიფოსთან ერთად, მხარი დაუჭირა მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას, რაც მიზნად ისახავს, გამოიძიოს ეუთოს ვალდებულებების შესაძლო დარღვევებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო-ჰუმანიტარული სამართლის შესაძლო დარღვევების შემთხვევები ომის დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შესაძლო შემთხვევები. საქართველო არის იმ 38 სახელმწიფოს შორის, რომლებმაც მიმართეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, დაიწყოს გამოძიება უკრაინაში მიმდინარე მოვლენების და სამხედრო დანაშაულების შესახებ. ეს არის ჩვენი უპირობო დიპლომატიური მხარდაჭერის მცირედი ჩამონათვალი”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.