იაგო ხვიჩია: თუ უკრაინაში ბოროტება არ დამარცხდა, შემდეგი ადგილი, სადაც ის ეცდება თავის ტრიუმფს – ეს ჩვენი ქვეყანაა
„იმისთვის, რომ ჩვენ გამოვიყენოთ შანსი, რომელიც სამყაროში, უკრაინის გმირული ბრძოლის შედეგად გაჩნდა, გვჭირდება რაღაცეების გათვალისწინება, გვჭირდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რჩევის გათვალისწინება შერიგებასთან დაკავშირებით. რა უნდა მოხდეს მეტი იმისთვის, რომ ამ დარბაზში ჩვენ ერთმანეთს არ ვეჩხუბებოდეთ. პრობლემა იმდენად სერიოზულია, რომ დანაშაულია არასერიოზული დამოკიდებულება ამ პრობლემასთან. დანაშაულია თითოეული სიტყვის, თითოეული კრიტიკის, თითოეული ლანძღვის დაუფიქრებლად თქმა ასეთ მძიმე დროს”, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის” თავმჯდომარემ, პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ჩვენი ქვეყნისთვის დღეს მთავარ შეცდომას გეგმის არარსებობა წარმოადგენს. „ჩვენ არ ვიცით რა მოხდება მომავალში, მაგრამ მინიმუმ სამი სცენარი ხომ უნდა გვქონდეს გააზრებული – წარმატებული სცენარი, არც ისე წარმატებული სცენარი და წარუმატებელი სცენარი. ნაცვლად ერთმანეთთან კამათისა და ჩხუბისა, ჩვენ სერიოზულად უნდა ვფიქრობდეთ, რას გავაკეთებთ იმ შემთხვევაში თუ ბოროტებამ გადაწყვიტა საქართველოსკენ მოტრიალება. ვიბრძვით? თუ ვიბრძვით როგორ ვიბრძვით? რუსეთთან ბრძოლაში შანსი არ გვაქვს თუ „ქართული ოცნება” და „ნაციონალური მოძრაობა” ერთად არ იბრძვის ამ ბოროტების წინააღმდეგ. თქვენ წარმოგიდგენიათ რომ თან ერთმანეთს ვებრძოდეთ და თან რუსულ ბოროტებას დავუპირისპირდეთ? ამასთან დაკავშირებით რა პოზიცია გვაქვს? ვინ როგორ აპირებს ბრძოლას? ვინ ვის ზურგს დაიცავს ამ ბრძოლაში? ჩვენ მზად ვართ ახლა ასეთი ბრძოლისთვის? თუ არ ვართ მზად ბრძოლისთვის, ხალხს რას ვეუბნებით? გაქცევის გზები როგორია? ხომ არ შეიძლება გაქცევის დროს უფრო მეტი ადამიანი დავკარგოთ ვიდრე სხვა ნებისმიერი ღონისძიების დროს.
რა ხდება იმ შემთხვევაში თუ პირიქით ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ ხდება და უკრაინა ტრიუმფალურად იმარჯვებს ამ ბრძოლაში. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პუტინის ფაქტორი, რაღაც ფორმით განეიტრალდა? თუ ეს ასე მოხდა, რომელიც უკრაინის გმირმა ხალხმა დააყენა მთელი მსოფლიოსთვის მათ შორის, საქართველოსთვის, ჩვენ როგორ ვიყენებთ? რა გეგმა გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რა გეგმა გვაქვს ზოგადად, ერთმანეთთან დაკავშირებით, როგორ აღვნიშნავთ და როგორ ვცდილობთ გამოვიყენოთ კაცობრიობის გამარჯვება ბოროტებასთან მიმართებაში და მესამე, რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც კონფლიქტი იწელება, როდესაც ჯერ არ გვაქვს სწრაფი პასუხი – ბოროტება დამარცხდა თუ ცოტა ხანი პაუზა აიღო. ჩვენ რას ვაკეთებთ ამ დროს? იმიტომ რომ თუ უკრაინაში ბოროტება არ დამარცხდა, შემდეგი ადგილი, სადაც ის ეცდება თავის ტრიუმფს – ეს ჩვენი ქვეყანაა. ჩვენ როგორ ვემზადებით ამისთვის? ეს არის ის კითხვები, რომელიც მოსახლეობას აინტერესებს. ყველანი დაძაბულები ვართ. ყველას გვესმის რამხელა გლობალური პროცესები მიმდინარეობს სამყაროში. ეს გლობალური პროცესები შეიძლება იყოს ჩვენ სასარგებლოდ, შეიძლება იყოს ჩვენს მიმართ ერთი შეხედვით ნეიტრალური და შეიძლება იყოს ჩვენთვის იდეალური. ჩვენ არც ერთი სცენარისთვის არ ვართ მზად. მთავარი პრობლემა და მთავარი კრიტიკა ზოგადად, ჩემი კოლეგების მიმართ, საქართველოს მთავრობის მიმართ, არის ის, რომ ჩვენ არაფრისთვის ვემზადებით.
ჩვენ მხოლოდ მაინცდამაინც არა გულწრფელ სიტყვათა ერთობლიობით და სადღეგრძელოებით შემოვიფარგლებით და ადამიანებს არ ველაპარაკებით საქმეზე, თუ რას გავაკეთებთ ჩვენ, თითოეული ჩვენთაგანი, რისკენ მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, რას ვურჩევდით ქართველ ხალხს, როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან გამარჯვებული. მე მინდა ამაზე ვიფიქროთ და კიდევ ერთხელ გთხოვოთ, რომ ნაკლები აგრესია გამოვამჟღავნოთ საქართველოს პრეზიდენტის გაბედული სიტყვების მიმართ. ჩემი მხარდაჭერა საქართველოს პრეზიდენტს, ჩემი მხარდაჭერა უკრაინის პრეზიდენტს, ჩემი მხარდაჭერა უკრაინას, დიდება გმირებს!”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.