საქართველოს პარლამენტმა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების პირველი ნაწილი გააგზავნა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკომ და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, პარლამენტში უკრაინისთვის შეგროვებული სამედიცინო დანიშნულების ტვირთი გადასცეს.

დავით სერგეენკოს განცხადებით, პარლამენტი უკრაინის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.

„საქართველოს პარლამენტი გვერდში უდგას უკრაინელ ხალხს და, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან მძიმედ განვიცდიდით იმას, რაც ახლა ხდება უკრაინაში, იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა, ქალები და ბავშვები. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს შესაძლებლობებშია. დღეს გავაგზავნეთ პირველი პარტია პირველადი გადაუდებელი სამედიცინო მოხმარების ტვირთის, რომელშიც დაგვეხმარა საქართველოს წითელი ჯვარი. ეს მხარდაჭერის აქცია, რა თქმა უნდა, გრძელდება. გახსნილია ანგარიში პარლამენტის წევრებისთვის, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის და ყველა მსურველისთვის. ჩვენ ამ მხარდაჭერას მომავალშიც გავაგრძელებთ. იმედი მაქვს, რომ ომი მალე დამთავრდება, თუმცა ეს მხარდაჭერა უკრაინას კიდევ დასჭირდება“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პარლამენტი ჰუმანიტარული დახმარების გზავნილებს უკრაინაში კიდევ გააგზავნის.

„პარლამენტის წევრებმა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა საკუთარი დანაზოგიდან შევაგროვეთ თანხა და შევიძინეთ ჰუმანიტარული ტვირთის სახით ის საჭირო სამედიცინო პრეპარატები და სახარჯი მასალები, რაც საბრძოლო მოქმედებების დროს ყველაზე მეტად არის საჭირო. ტრანსპორტირებაში დაგვეხმარება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება. ჩვენ ამ აქციას გავაგრძელებთ და საჭიროების მიხედვით, პერიოდულად, გავაგზავნით ტვირთს ჰუმანიტარული დახმარების სახით. ეს მხარდაჭერა იქნება, ვიდრე ჩვენს უკრაინელ მეგობრებს დახმარება დასჭირდებათ. ვიტოვებ იმედს, რომ ომს ძალიან მალე მშვიდობა ჩაანაცვლებს“, – აღნიშნა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტის, ნათია ლოლაძის განცხადებით, უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება ხვალ გაიგზავნება.

„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აგრძელებს უკრაინაში ხალხის დახმარებას. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ უკრაინის წითელ ჯვართან. უკრაინაში ვაგზავნით საქართველოს წითელი ჯვრის მანქანებს, სადაც შექმნილია ლოჯისტიკური ჰაბი და შემდგომ უკვე უკრაინის წითელი ჯვრის საზოგადოება დაარიგებს ტვირთს ქვეყნის მასშტაბით“, – აღნიშნა ნათია ლოლაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები