საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელობა ესტონეთის ელჩს შეხვდა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიორგი ხელაშვილთან ერთად, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რიინა კალიურანდს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში უსაფრთხოების გარემოზე იმ აგრესიის ფონზე, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს. შეხვედრისას, საუბარი ასევე შეეხო იმ ეკონომიკურ სირთულეებს, რომელიც შესაძლოა, ამ ომის შედეგად საქართველომ მიიღოს.
ქართულმა მხარემ ესტონეთის ელჩისგან მოისმინა ინფორმაცია უკრაინის მხარდასაჭერად ესტონეთის მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ და რუსეთის წინააღმდეგ გატარებული ზომების შესახებ. დეპუტატებმა ელჩს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების მიერ უკრაინისათვის დიპლომატიური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის გაწევის შესახებ და გააცნეს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების კონტექსტი.
„ესტონეთი ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ევროკავშირში წევრობას და ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ”, – განაცხადა დიპლომატმა.