დავით ზალკალიანი: ვფიქრობ, ეს უკვე ერთგვარი საბოლოო ბეჭედია ევროკავშირის მხრიდან, რომ პროცესი დაიწყო ფორმალურადაც და იქნება შეუქცევადი
სამივე ქვეყნის კანდიდატის სტატუსის განხილვის პროცესი ერთიანად იქნება დაწყებული და ერთიანად მივიღებთ შესაბამის პასუხებს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, შემდეგი ეტაპი გახლავთ ის, რომ ევროკომისია კანდიდატის წევრებს გაუგზავნის შესაბამის კითხვარს.
“პროცესი შეუქცევადია და ეს ფორმალურად დაიწყო 8 მარტს, როდესაც ბრიუსელში განიხილეს საკითხი და ევროპულმა საბჭომ ევროკომისიას მიმართა, რომ დაიწყოს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის კანდიდატის სტატუსის პროცედურებთან დაკავშირებული ყველა მოქმედება. ვფიქრობ, ეს უკვე არის ერთგვარი საბოლოო ბეჭედი ევროკავშირის მხრიდან, რომ ეს პროცესი დაიწყო ფორმალურადაც და ეს იქნება შეუქცევადი. შემდეგი ეტაპი გახლავთ ის, რომ ევროკომისია კანდიდატის წევრებს გაუგზავნის შესაბამის კითხვარს და ეს იქნება ძალიან მოცულობითი, რომელიც მოიცავს ყველა ძირითად მიმართულებას, რაც აუცილებელია კანდიდატის სტატუსის კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად.
სამივე ქვეყნის – საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის – კანდიდატის სტატუსის განხილვის პროცესი ერთიანად იქნება დაწყებული და ერთიანად მივიღებთ ჩვენ შესაბამის პასუხებს. ომმა უკრაინაში ეს პროცესი დააჩქარა, მაგრამ ჩვენც მზად ვართ, იმ შემთხვევაში, თუ კიდევ უფრო სწრაფად განვითარდა პროცესი, ჩვენც ადეკვატურად ვიმოქმედოთ”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.