ჰააგის სასამართლოს მიერ დაკავების ორდერები გაიცა ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების იმ ჩინოსანთა მიმართ, რომლებმაც 2008 წლის ომის დროს მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს და ადამიანების კონვენციური უფლებები დაარღვიეს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ამ საქმეზე სამართალი აღსრულდება და ის დრო მოვიდა, როცა დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან.
„ჰააგის სასამართლოს მიერ დაკავების ორდერები გაიცა ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების იმ ჩინოსანთა მიმართ, რომლებსაც, პროკურორის მტკიცებით, 2008 წლის ომის დროს მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს და ადამიანების კონვენციური უფლებები დაარღვიეს. ეს ეხება წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ტყვედ აყვანას, მათი უფლებების ხელყოფას. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ამ საქმეზე სამართალი აღსრულდება და ის დრო მოვიდა, როცა დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან.
ევროსასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქმის მოგების შემდეგ, ჰააგა არის უკვე მეორე საერთაშორისო ინსტანცია, სადაც საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო მტკიცებულებებისა და არგუმენტების წარმატებით წარდგენა და თავისი სიმართლის დამტკიცებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.