ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დიეგო კოლასს შეხვდა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე თავმჯდომარის პირველ მოადგილე, გიორგი ხელაშვილთან ერთად, საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დიეგო კოლასს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საუბრის ძირითად თემას წარმოადგენდა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, უკრაინაში რუსეთის მიერ მიმდინარე აგრესია და საქართველოსა და ევროპის უსაფრთხოებისთვის ამ აგრესიით შექმნილი გამოწვევები.
მხარეებმა, ევროკავშირისა და ნატო-ს მიერ უკვე გადადგმულ და ასევე, შესაძლო სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელეს.
ქართველმა კანონმდებლებმა დიპლომატებს გაუზიარეს ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები როგორც საქართველოს ოკუპირებულ ასევე, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მათ შორის, ეკონომიკური მიმართულებით.
შეხვედრისას საუბარი ასევე, შეეხო საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას. „ჩვენ ვთხოვეთ ელჩს რომ საკუთარ მთავრობებთან გააჟღერონ ჩვენი გზავნილი – ევროკავშირში საქართველოს წევრობაზე განაცხადის განხილვის ფორმალური პროცედურები დაიწყოს და ამაში მხარი დაგვიჭირონ”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.