კელი დეგნანი: საქართველომ დააფიქსირა უკრაინის მხარდამჭერი მკვეთრი პოზიცია სხვადასხვა ფორუმზე, ჩვენ კარგად ვხედავთ ქართველი ხალხის მხარდაჭერასა და გულუხვობას უკრაინელი ხალხის მიმართ

როგორც აშშ-ში, ისე საქართველოში კარგად გამოვცადეთ, რას ნიშნავს პოლარიზაცია, რა შედეგები შეუძლია, მოიტანოს, ამას გულისხმობდა ვიქტორია ნულანდის განცხადებაც, რომ უნდა გავერთიანდეთ და მხარში დავუდგეთ უკრაინას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განუცხადა.

საქართველოში რუსული ბიზნესების რეგისტრირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ მას არ აქვს კონკრეტული ინფორმაცია რუსულ ბიზნესებთან დაკავშირებით.

„ალბათ საჭიროა უფრო ზუსტი დეტალები და ინფორმაცია ყველასთვის“, – დასძინა კელი დეგნანმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე, რომ ელჩებს მიეცათ მითითება, იმუშაონ მთავრობებთან რუსეთისადმი სანქციების მიმართულებით, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ახლა მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის, თითოეული ქვეყნის გაერთიანება და ერთად დგომა და სწორედ ამაზე მიუთითებდა ვიქტორია ნულანდი.

„საქართველომ დააფიქსირა უკრაინის მხარდამჭერი მკვეთრი პოზიცია სხვადასხვა ფორუმზე, მათ შორის გაერო-ს, ევროსაბჭოს, ეუთო-ს ფორმატში. ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად ვხედავთ ქართველი ხალხის ასეთ მხარდაჭერას, გულუხვობას უკრაინელი ხალხის მიმართ, ალბათ განსაკუთებით იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რას ნიშნავს, იყო ომში; რას ნიშნავს, გესხმოდნენ თავს მხოლოდ იმიტომ, რომ შენ გინდა, იყო თავისუფალი. სწორედ ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ სიტუაციაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ერთიანობა. მოგეხსენებათ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე საქართველოში ჩვენ კარგად გამოვცადეთ, თუ რას ნიშნავს პოლარიზაცია და რა შედეგები შეუძლია, მოიტანოს. სწორედ ამას გულისხმობდა ნულანდის განცხადება, რომ ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, ყველანი უნდა დავუდგეთ მხარში უკრაინას და ვიფიქროთ იმაზე, თუ რა გზები შეიძლება, არსებობდეს ამ მხარდაჭერისთვის. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ყველანი შევძლებთ ამ გაერთიანებას და მტკიცედ დავუჭერთ მხარს უკრაინას“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები