ლევან დავითაშვილი: საქართველოში დეფიციტის არანაირი წინაპირობა არ არსებობს, ქვეყანას აქვს მარაგები და შეივსება უწყვეტად
არ არსებობს საქართველოში დეფიციტის არანაირი წინაპირობა, ქვეყანას აქვს მარაგები და ქვეყანაში მარაგები შეივსება უწყვეტად, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში სასურსათო პრობლემების ნაცვლად პანიკური შესყიდვების პრობლემაა, რაც დროებით ეფექტს იძლევა და ამით საზოგადოება ზარალდება.
„ომია უკრაინაში და ეს ომი გავლენას ახდენს არა მხოლოდ ჩვენს რეგიონზე, არამედ მსოფლიოზე. ვფიქრობ, ეს არის ალბათ , 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი კატასტროფა, ჰუმანიტარული კრიზისი, რაც დღეს ხდება. რაც კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს, თითოეულ მოქალაქეს და განსაკუთრებით პასუხისმგებლობას აკისრებს, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებას, მთავრობის წევრებს და პრემიერ-მინისტრს. ჩვენ გვესმის, რომ გამოწვევები ძალიან ბევრია და ამ გამოწვევებს სჭირდება ადეკვატური გამკლავება, ამას სჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია, ერთობა, ერთსულოვნება, სტაბილურობა, სიმშვიდე. ხშირ შემთხვევაში ადამიანების ქცევა გამომდინარეობს იქიდან თუ რა ინფორმაცია ვრცელდება და ადამიანები რეაგირებენ მასზე ძალიან მყისიერად. თუ დღეს ვსაუბრობთ დაცარიელებულ დახლებზე, რომელიც იყო აბსოლუტურად პანიკის შედეგი, ეს მახსენებს ძალიან კარგად პანდემიის პირველ დღეებს, როდესაც აბსოლუტურად ფუჭი იყო ის რეაქცია, რომელიც იყო, მაგრამ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში იყო, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაში, გამომდინარე იქიდან, რომ იყო გაურკვევლობა და ადამიანებმა არ იცოდნენ რა იქნებოდა.
ამიტომ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის ინფორმაციის სწორად მიიტანო, რომ ამის ობიექტური საფუძველი არ არსებობს, რომ დღეს ჩვენ წავიდეთ და დავიმარაგოთ რაღაც პირველადი მოხმარების პროდუქტი, მათ შორის ზოგი მალფუჭებადი და მერე ეს ჩვენ თვის იყოს ზარალიანი იმ დროს, როცა არ არსებობს საქართველოში დეფიციტის არანაირი წინაპირობა, ქვეყანას აქვს მარაგები და ქვეყანაში მარაგები შეივსება უწყვეტად. ეს არის ძალიან მკაფიო და კონკრეტული მესიჯი, რომელიც მინდა მოსახლეობას მივაწოდო. მიმდინარეობს მონიტორინგი პროცესების და როგორც პანდემიის პირობებში იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო პანიკა, ასეთივე უსაფუძვლო პანიკა დავინახეთ.
პირდაპირ შემიძლია დავამშვიდო მოსახლეობა და პასუხისმგებლობით განვაცხადო, ყოველგვარი ზედმეტი ახსნისა და განმარტების გარეშე, რომ საფუძველი რაიმე პანიკის არ არსებობს, ჩვენს მოსახლეობას არ ემუქრება არაფრის დეფიციტი, მიწოდება ძირითადი სამომხმარებლო პროდუქციის, მათ შორის სასურსათო პროდუქციის იქნება უწყვეტად და არანაირი პრობლემა ამ კუთხით არ იქნება. პრობლემა არის ერთადერთი, აჟიოტაჟი პრობლემაა, არასწორი კომუნიკაცია ან კომუნიკაციის ნაკლებობა და ის პანიკური შესყიდვები, რომელიც დროებით ეფექტებს იძლევა და მხოლოდ ზარალდებიან ჩვენი მოქალაქეები“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.