მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ჭარბი შესყიდვებით არ დააზიანონ არც საკუთარი თავი და არც სხვა მომხმარებელი, – ამის შესახებ საქართველოს დისტრიბუციის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ განაცხადა.
მისი განმარტებით, ბაზარზე, ამ ეტაპზე, სტაბილური ვითარებაა. დისტრიბუციის ასოციაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ გარკვეულ ბრენდებთან დაკავშირებული ჩავარდნები გამოწვეულია ლოგისტიკური ჯაჭვის წყვეტიდან, რაც მოსახლეობის მხრიდან ჭარბ შესყიდვებს უკავშირდება.
“ბაზარზე, ამ ეტაპზე, არის სტაბილური ვითარება, ის, რომ უახლოეს პერიოდში შეინიშნებოდეს გარკვეული დეფიციტი პროდუქციის, ასე ნამდვილად არ არის.
გარკვეულ ბრენდებთან დაკავშირებული ჩავარდნები გამოწვეულია ლოგისტიკური ჯაჭვის წყვეტიდან, მაგრამ თუ დღეს გარკვეული ბრენდის ზეთი, წიწიბურა თუ შაქარი მომხმარებელს არ დახვდა დახლზე, ეს არ ნიშნავს, რომ ორ-სამ დღეში არ იქნება. ამიტომ, მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ ჭარბი შესყიდვებით არ დააზიანონ არც საკუთარი თავი და არც სხვა მომხმარებელი”, – განაცხადა ივა ჭყონიამ.