ზვიად შალამბერიძემ, მზია გიორგობიანმა, იოსებ ხახალეიშვილმა და ზაზა ლომინაძემ ქუთაისში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა – ზვიად შალამბერიძემ, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა, ქუთაისის მერმა – იოსებ ხახალეიშვილმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში – ზაზა ლომინაძემ ქუთაისში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს.

ქუთაისში ამ ეტაპზე ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით 11 პროექტი ხორციელდება, რომელთა ღირებულება 13 000 000 ლარამდეა. მათ შორის არის: საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, დასასვენებელი სივრცეების მოწყობა, დავით აღმაშენებლის მოედანზე მდებარე ცენტრალური შადრევნის და 100 საფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია.

,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება, იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. ცალკე ქუთაისისთვის დაახლოებით 30 000 000-მდე ლარი გვაქვს ბიუჯეტი, საიდანაც უკვე მიმდინარეობს 13 000 000 ლარის სამუშაოები და წლის ბოლომდე კიდევ დაიწყება და დასრულდება დამატებით 17 000 000 ლარის ღირებულების სამუშაოები. თანხები მიმართულია ისეთ პროექტებზე, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და ასე შემდეგ“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი პერმანენტულად მიმდინარეობს და სპეციალისტები სამუშაოების შესრულების ხარისხს ადგილზე ეცნობიან.

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ეგიდით, იმერეთში 2021-2022 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 69 656 927 ლარია გამოყოფილი.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა გულისხმობს მიზნობრივი ღონისძიებების დაფინანსებას საქართველოს ოთხ საპილოტე რეგიონში – კახეთში, იმერეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.

პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 20 დეკემბერს დაამტკიცა და მისი წინასწარი ჯამური ბიუჯეტი 200 მილიონი ლარია. ამასთან, საპილოტე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება მუნიციპალიტეტების საკუთარი ბიუჯეტიდან განხორციელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები