„დავით არახამია ჩემი კოლეგაა უკრაინაში – როგორც მე ვარ საქართველოში მმართველი გუნდის ფრაქციის თავმჯდომარე, ისევეა ეს ადამიანიც უკრაინაში. საქართველოში რომ ახლა ომი იყოს, ნამდვილად არ მეცლებოდა, რომელიმე ქვეყნის ხელისუფლების კრიტიკისთვის“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის პასუხად.
მისი თქმით, გასაკვირია, როდესაც საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი დღეს საქართველოს მთავრობის კრიტიკისთვის ახერხებს დროის გამონახვას.
„როგორც ადამიანს და არა პოლიტიკოსს, გულწრფელად მიკვირს და მგონია, რომ ეს შეგრძნება ბევრს გაუჩნდებოდა, რატომ სცალია ამ საომარ სიტუაციაში, არახამიას მაინცდამაინც იმისთვის, რომ ცალკე ვიდეორგოლები მიუძღვნას საქართველოსა და მისი ხელისუფლების კრიტიკას? თუ საქართველო სანქციებს არ უერთდება, ამის მიზეზებიც მკაფიოდ გვაქვს განმარტებული. სანქციებს, ასევე, არ უერთდება მოლდოვა და სხვა ქვეყნები. ამ დღეების განმავლობაში, მათ მიმართ მსგავსი არაფერი გვინახავს. არსებობს ათასი სხვა არგუმენტი, რომლებითაც, შეუძლია, სხვაც გააკრიტიკოს, მაგრამ, ამ მიმართულებით, მაინცდამაინც საქართველოს ხელისუფლების კრიტიკითაა ზოგიერთი მათგანი დაკავებული. მიუხედავად ამისა, დღეს ისეთ სიტუაციაში არიან ეს ადამიანები, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე ღრმა დისკუსიაში შესვლას. მაქსიმუმ, ასეთი პასუხებით შემოვიფარგლებით“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისი განცხადებით, საქართველო კვლავ, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გააგრძელებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას.
უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა დავით არახამიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არამოქმედების გააკრიტიკა და თქვა, რომ, ამის გამო, ქართველობის რცხვენია.