ნინო ლაცაბიძე: ვპირდები რუსთაველებს, ქალაქში ყველა სივრცეს, სადაც გმირთა მემორიალებია განთავსებული, რეაბილიტაცია ჩაუტარდება
რუსთავში, ჟიული შარტავას დაბადებიდან 78-ე წელს, მისი სახელობის სკვერი გაიხსნება. ამას გარდა, წლის განმავლობაში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ყველა იმ ტერიტორიას, სადაც გმირების მემორიალებია განთავსებული. ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ დღეს საქართველოს ეროვნული გმირის ბიუსტთან გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
,,ვპირდები რუსთაველებს, ქალაქში ყველა სივრცეს, სადაც გმირთა მემორიალებია განთავსებული, რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ჩვენს გმირებს პატივი საქმით უნდა მივაგოთ. მომავალ თაობებს ვანახოთ, როგორი მნიშვნელოვანი იყო მათი ღვაწლი ჩვენი ქალაქისა და ქვეყნისთვის.
დღეს ჟიული შარტავას დაბადების დღეა, ჩვენი მოსახლეობისა და ჩემი გადაწყვეტილებით, ახალ რეკრეაციულ სივრცეს, რომლის მოწყობაც მერვე მიკრორაიონში ძალიან მალე დასრულდება, ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელი მიენიჭება. ასევე, ძალიან მალე დავიწყებთ ,,დიდების ხეივნის” რეაბილიტაციას”, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
დღეს ჟიული შარტავას დაბადების დღეა, საქართველოს ეროვნულ გმირს 78 წელი შეუსრულდებოდა.
რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” დეპუტატებთან, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი შატაკიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკო. რუსთავის მერმა პატივი მიაგო საქართველოს ეროვნული გმირის ხსოვნას.