ნათია მეზვრიშვილი: მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, დაელაპარაკეთ მოქალაქეებს და აუხსენით – რა ხდება, გვითხარით, რა გეგმა გაქვთ

“გაურკვევლობის მაღალი ხარისხი ტოვებს სივრცეს რადიკალური განცხადებებისა და ქმედებებისთვის, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს – შესაბამისად, ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, დაელაპარაკეთ მოქალაქეებს და აუხსენით – რა ხდება. გვითხარით, რა გეგმა გაქვთ”, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, უახლესი ისტორიის ამ გადამწყვეტ მომენტში ხელისუფლება ან დუმილს ირჩევს, ან ურთიერთგამომრიცხავ პოზიციებს აფიქსირებს.

„დღეს ქვეყნის მომავლის ბედი წყდება – წავიდეთ წინ თავისუფალ მსოფლიოსთან ერთად თუ დავბრუნდეთ უკან რუსულ საბჭოთა წარსულში. უახლესი ისტორიის ამ გადამწყვეტ მომენტში, ხელისუფლება ან დუმილს ირჩევს, ან ურთიერთგამომრიცხავ პოზიციებს აფიქსირებს – ხან ამბობს, რომ საფრთხე არ არსებობს, ხან რუსული აგრესიის რისკებს გვიანონსებს. სამწუხაროდ, დღევანდელ მთავრობის სხდომაზეც მთავრობის მეთაურს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არ დასცდენია არც ერთი სიტყვა. გაურკვევლობის ასეთი მაღალი ხარისხი ტოვებს სივრცეს რადიკალური განცხადებებისა და ქმედებებისთვის, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს და მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. შესაბამისად, ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, დაელაპარაკეთ მოქალაქეებს და აუხსენით რა ხდება. გვითხარით, რა გეგმა გაქვთ:

1. ქვეყნის უსაფრთხოებასთან, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან, დაკავშირებით; 2. მიგრაციის რეჟიმთან დაკავშირებით – რეგიონში ომის გამო, ვხედავთ, რომ გაზრდილია მიგრაცია. სად არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ვალდებულია მოქალაქეებს მიაწოდოს ინფორმაცია შესაძლო საფრთხეების შესახებ; 3. ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით – ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური ინტერესების დაცვისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უკრაინასა და რუსეთში მცხოვრები და მომუშავე ერთ მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქისთვის; 4. სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებით – რას უპირისპირებთ ფასების ზრდასა და კურსის გაუფასურებას? საქართველოს რესურსები სანქციების დაწესების თვალსაზრისით რომ შეზღუდულია, არ ვდაობთ, მაგრამ ხომ არ უნდა დავუშვათ, ვიმოქმედოთ თავისუფალი მსოფლიოს საპირისპიროდ და რუსეთის ინტერესებში; 5. ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების პარალელურად, ხომ იცით, რომ ეს პროცესი აქ არ სრულდება?“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები