ცუცქირიძე: დასავლეთის მხრიდან რუსეთისათვის დაწესებული სანქციების ზეგავლენა რუსულ ეკონომიკასა და ფინანსურ სექტორზე და მისი გადადინების ეფექტი რუსული კაპიტალით შექმნილ შვილობილ კომპანიებზე საზღვარგარეთ, საქართველოს მაგალითიდანაც კარგად მოჩანს
“დასავლეთის მხრიდან რუსეთისათვის დაწესებული სანქციების ზეგავლენა რუსულ ეკონომიკაზე და ფინანსურ სექტორზე და მისი გადადინების ეფექტი რუსული კაპიტალით შექმნილ შვილობილ კომპანიებზე საზღვარგარეთ, საქართველოს მაგალითიდანაც კარგად მოჩანს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
“რუსულ “VTB ბანკს”, რომელიც სისტემფორმირებად წამყვან რუსულ ბანკებში გადის, უკრაინაში დაწყებული ომის გამო სანქციები დაუწესდა, ხოლო დოლარში, ევროში, ფუნტსა და სხვა უცხოურ ვალუტებში გადარიცხვები საერთოდ აეკრძალა. ამის შედეგად, ბანკმა აქტიურ – პასიური ოპერაციები, მათ შორის ექსპორტ-იმპორტის ოპერაციები, ფაქტობრივად, შეაჩერა.
ბუნებრივია, აღნიშნული სანქციები გავრცელდა საქართველოში მოქმედ სს “ვითიბი ბანკ საქართველოზეც”, რომელიც რუსული ბანკის შვილობილ ბანკს წარმოადგენს.
არანაკლებ საინტერესო იყო, თუ როგორ მოხდებოდა ბანკის აქტივების და ვალდებულებების სხვა ბანკებზე გადანაწილება, მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. “ვი თი ბი” ბანკი-საქართველო იყო აქტივების სიდიდით მეოთხე ბანკი, აქტივების ხვედრითი წილი კი საბანკო სექტორში 3.5 % შეადგენდა.
საქართველოს საბანკო სექტორი ისედაც მაღალი კონცენტრაციით გამოირჩევა, სადაც ორი ყველაზე მსხვილი ბანკი “თი ბი სი” ბანკი და საქართველოს ბანკი, სისტემის მთლიანი აქტივების 67 %-ს ფლობს. შესაბამისად, მთავარი ამოცანა სწორედ საბანკო კონცენტრაციის შემცირებაა, რადგან მაღალი კონცენტრაცია ამცირებს რა ბაზარზე კონკურენციას, ნეგატიურად მოქმედებს ფასწარმოქმნაზე და მომსახურების ხარისხზე, თანმდევი ნეგატიური ეფექტით.
როდესაც გამოვთქვი ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება საპენსიო მომსახურების ტენდერის პირობებზე, პირველ რიგში სწორედ კონცენტრაციის რისკი მქონდა მხედველობაში, რადგან ეს არის ამ ტენდერის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკი, როდესაც ისედაც შეზღუდულ სატენდერო განაცხადში, პოტენციურად მხოლოდ 3 ბანკის მონაწილეობის პირობებში, 2 ბანკი ბაზრის ოლიგოპოლიურ სეგმენტს წარმოადგენს, და ტენდერში რომელიმეს გამარჯვება ბაზრის კონცენტრაციას კიდევ უფრო გაზრდის, ამასთან არსებულ და აწყობილ მომსახურების სისტემას გაურკვევლობის ელფერს ურო მატებს, ვიდრე სიცხადეს.
“ვი თი ბი ბანკის” მაგალითზეც გამოჩნდა, რომ კრიზისებისას ბაზრის მაღალი კონცენტრაციის პირობებში, რომელიმე საშუალო ზომის ბანკში წარმოქმნილი პრობლემისას სისტემური რისკის შემცირება შესაძლებელია ისევ საშუალო ზომის ბანკების გაძლიერებით და არა პირიქით. უფრო მეტიც, შედარებით მსხვილი ბანკების პრობლემის შემთხვევაშიც, ბანკის სესხების და ვალდებულებების გადაპორტირება და მომსახურების შეუძღუდავი მიწოდება, ისევ მეორე ეშელონის ბანკებშია შესაძლებელი და ნაკლებად მცირე ზომის ბანკებში!
მხოლოდ მისასალმებელია, აქტივების სიდიდით მე-4 ბანკის სს “ვითიბი ბანკი საქართველოს” აქტივ-პასივების ნაწილის აქტივების სიდიდით მე-3 და მე-5 ბანკებზე გადანაწილება, შესაბამისად, “ლიბერთი ბანკზე” და “ბაზის ბანკზე”.
ნიშანდობლივია, რომ ამ გარიგებებმა მოიცვა როგორც რითეილ სეგმენტი, ასევე ბიზნეს კლიენტურა. თუ “ბაზის ბანკთან”, რომელიც აქტივების სიდიდით მეოთხე ბანკია და საშუალო ზომის ბანკს წარმოადგენს, “ვითიბი ბანკ საქართველოში” არსებული ფიზიკური პირების ანაბრები და სესხები ბაზის ბანკში გადავიდა, კონსულტაციების შედეგად, სს “ვითიბი ბანკ საქართველოსა” და სს “ლიბერთი ბანკს” შორის მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც, სს “ვითიბი ბანკი საქართველოს” იურიდიული პირების დეპოზიტებისა და სესხების გარკვეული ნაწილი სს “ლიბერთი ბანკში” გადავა.
შეთანხმება ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის დეპოზიტებისა და სესხების გადაცემას სს “ლიბერთი ბანკისთვის”. ამასთან, მომხმარებლების პორტირებაზე მუშაობა დაწყებულია და 3 მარტიდან ეტაპობრივად სს “ვითიბი ბანკი საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნეს მეანაბრეებსა და მსესხებლებს სს “ლიბერთი ბანკი” თავის ფილიალებში მოემსახურება.
ეს გადაწყვეტილება იმათაც არის მნიშვნელოვანი, რომ ახლა უკვე აქტივების ზომით მე-3 და მე-4 ბანკის აქტივების გაზრდით, შეამცირებს რა კონცენტრაციას ბაზარზე, გაზრდის კონკურენციასაც და ამავდროულად პოზიტიურად აისახება საპროცენტო განაკვეთებზე მათი შემდგომი შემცირების პერსპექტივით.
სისტემური რისკის შემცირება იმითაც არის ნიშანდობლივი, რომ კრიზისებისას პრობლემები განსაკუთრებით სისტემფორმირებად და მსხვილ საკრედიტო დაწესებულებაში, მეორე ეშლონის ბანკების სიმცირისას, ტოვებს არასაკმარის ბუფერს რისკების სამართავად, მათ შორის კლიენტურის სხვა ბანკებში გადანაწილების და საბანკო ოპერაციების წარმოების თვალსაზრისით, უპირველესად, პატარა ბანკების მცირე კაპიტალის გამო”, – წერს ცუცქირიძე.