საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია რუსი ტურისტების მომსახურებას წყვეტს
საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია რუსი ტურისტების მომსახურებას წყვეტს. ამის შესახებ დღეს ოფიციალური განცხადება ორგანიზაციის წევრებმა უკრაინის საელჩოსთან გააკეთეს და მეგობარ ქვეყანას მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ორგანიზაციის წევრების თქმით, ასოციაცია ასევე მზად არის, ჩაერთოს სხვადასხვა ჰუმანიტარულ მისიაში.
“უკრაინისთვის ბრძოლა დღეს არის საქართველოსთვის ბრძოლა, ამიტომ ვართ აქ. ჩვენ არ მოვემსახურებით რუს ტურისტებს. ჩვენ ვეუბნებით რუს გამყოლებს, რომ დარჩნენ სახლში, არ ჩამოვიდნენ, ახლა არ არის ტურიზმის დრო. შეიკრან და შეაჩერონ პუტინის ბარბაროსობა. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ დავიცვათ უკრაინელი გამყოლების მომზადება საქართველოში. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩავერთვებით ჰუმანიტარულ მისიებში”, – ამბობს სამთო გამყოლი დავით რაქვიაშვილი.
ცნობისთვის, სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ, რუსეთს უკრაინაში განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო, გამყოლთა ასოციაციის წევრობის სტატუსი უკვე შეუჩერა.