საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გადაადგილების შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლსაწმენდი ტექნიკა, გზებზე განუწყვეტლივ იყრება ტექნიკური მარილი, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროება მოიხსნა და გაწმენდითი სამუშაოები განახლდა.
შეგახსენებთ, რომ 3 მარტიდან გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონის არსებობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
გადაადგილების სპეციალური რეჟიმები ასევე მოქმედებს შემდეგ საავტომობილო გზებზე:
ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურის და ცუდი ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ14-კმ106 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები