დავით ზალკალიანი: ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის ხელმოწერით საქართველომ შეაბიჯა ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების გარდამტეხ პერიოდში

ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის ხელმოწერით საქართველომ შეაბიჯა ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების გარდამტეხ, უმნიშვნელოვანეს პერიოდში და გადაშალა ახალი ფურცელი საქართველოს ისტორიაში, – ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერმა, და საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ის ამაყია, რომ სწორედ მისი დიპლომატიური მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ჩაიწერა ყველაზე თამამი და ამბიციური განაცხადები.

„საქართველომ მართლაც გაიარა ხანგრძლივი, რთული, შეიძლება ითქვას, მრავალსაუკუნოვანი გზაც კი იმისათვის, რომ ასე ახლოს ყოფილიყო ჩვენი წინაპრების, ქართველი ხალხის სანუკვარ ოცნებასთან. განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში, მას შემდეგ რაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ჩვენი ხელისუფლება და ქართული საზოგადოება ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ქვეყნის ცხოვრების ყოველდღიურობაში უზრუნველყოფილი ყოფილიყო ევროპული ღირებულებები და ფასეულობები – დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, კარგი მმართველობა და სხვა.

მეამაყება, რომ ვარ იმ გუნდის წვერი, რომელმაც 2014 წელს მიაღწია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას. მე კარგად ვიცი ის პასუხისმგებლობა, რაც მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ აიღო შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით, რადგან პარაფირების პროცესში ხელი მაქვს მოწერილი მის თითოეულ ფურცელზე. დიახ, ევროპულ სტანდარტებთან ტრანსფორმაცია ეს იყო და რჩება საკმაოდ რთულ პროცესად, მაგრამ, 2014 წელსაც და ახლაც ეს არის ჩვენი ურყევი და მტკიცე არჩევანი.

მეამაყება, რომ ჩემი დიპლომატიური მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ჩაიწერა ყველაზე თამამი და ამბიციური განაცხადები – 2014 წელს და ახლაც, მადლობას ვუხდი სახელისუფლებო გუნდს და ქართველ დიპლომატებს.

ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას, ვულოცავ ჩვენს თანამემამულეებს საოკუპაციო ხაზს მიღმა, ჩვენს დიასპორას ამ გადაწყვეტილებას. წარმატებები საქართველოს ამ გზაზე“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს ხელი მოაწერა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები