მამუკა ხაზარაძე: მოვუწოდებთ პრეზიდენტს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს სათავეში ჩაუდგეს
“ლელო” საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს სათავეში ჩაუდგეს. აღნიშნულის შესახებ განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
“მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც თავისი ინიციატივით საკმაოდ სერიოზული შეხვედრები ჩაატარა ევროპაში. ჩვენ გვაშფოთებს ფაქტი, რომ მის მიერ მოწვეულ პლენარულ სხდომაზე კარი ჩაკეტეს. ეს ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციის კიდევ ერთხელ უგულებელყოფაა. დღეს მოვისმინეთ, რომ 5 მარტს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა, შესაძლოა გადაიდოს, რაც კიდევ ერთი მცდელობაა, რომ ინსტიტუციის დისკრიმინაცია მოახდინონ. ვიმედოვნებ, ეს არ მოხდება. ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, მის გარეშემო მოხდეს ყველა პოლიტიკოსის, პარტიული ძალის მობილიზება, რათა თავად პრეზიდენტი ჩაუდგეს სათავეში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.