ივანე ჩხაიძე: გარდაცვლილთა შორის 99% არავაქცინირებულია
გარდაცვლილთა შორის 99% არავაქცინირებულია, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, 60 წელს გადაცილებულთა ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს.
„ჩვენ ქვეყანაში, ისევე – როგორც მსოფლიოს აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში, გარდაცვალებულთა შორის ყველაზე დიდი პროცენტული შემადგენლობით არის 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა. ეს არის მოსახლეობა, რომელსაც აქვს სხვადასხვა ქრონიკული დაავადება, მოსახლეობა, რომელსაც აქვს ასაკიდან გამომდინარე იმუნური პასუხის ნაკლები სიმძაფრე, შესაბამისად, ამ მხრივაც ხანშიშესულები დაუცველები არიან. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და, სამწუხაროდ, საქართველოს რეალობა ასეთია, ამ ასაკობრივ ჯგუფში გვაქვს ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი“, – განაცხადა ჩხაიძემ.
გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა 992 ადამიანმა გაიკეთა, სულ კი ქვეყანაში 2 822 060 აცრა გაკეთდა.