იოსელიანი: როცა გინდა, უკრაინის მხარდასაჭერად აქციაზე გამოსული ხალხის განწყობა საკუთარ პოლიტიკურ ინტერესს მოარგო, ეს არის ქართველი ხალხის ჯიბეში ხელის ჩაყოფა
როცა გინდა, უკრაინის მხარდასაჭერად გამართულ საპროტესტო აქციაზე გამოსული ხალხის განწყობა საკუთარ პოლიტიკურ ინტერესს მოარგო, ეს არის სხვის ჯიბეში – ქართველი ხალხის ჯიბეში ხელის ჩაყოფა, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცესპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც გუშინ გამართულ საპროტესტო აქციას და პოლიტიკოსების მოწოდებებს გამოეხმაურა.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ბევრი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ცდუნებას ვერ უძლებს და ქუჩაში გამოსული ხალხი პარტიის მხარდამჭერი ჰგონია, თუმცა, მისი თქმით, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე მისული ადამიანები პარტიული მიმართვების დაწყებისთანავე დაიშალნენ.
„სამწუხაროა, ზოგიერთები ცდუნებას ვერ უძლებენ. ხალხს რომ დაინახავენ, პარტიის მხარდამჭერი ჰგონიათ. ხალხი გამოდიოდა და პოლიტიკოსები თავს იკავებდნენ, რაც იყო სწორი და უფრო ეფექტური. გუშინდელი პროცესი ისევ ბრალდებებში გადაიზარდა, რომ ეს პოლიტიკოსი იმსახურებდა თუ არა გამოსვლას. ოპოზიციამ უნდა გაიაზროს, რომ ის, რაც მისი გაკეთებული, მისი ორგანიზებული და მისი მხარდაჭერის გამომხატველი არ არის, მინიმუმ უნდა გაერიდოს და მხარი გვერდიდან დაუჭიროს. პოლიტიკოსები მიკროფონთან მაშინ უნდა მივიდნენ, როცა ხალხს თავად გამოიყვანენ. როცა ხალხი თავად გამოვიდა, მიკროფონთან ან არავინ უნდა მისულიყო, ან ის ხალხი, ვინც იქ იდგნენ – ახალგაზრდები და არა პოლიტიკოსები, რომელთაც ხალხის გამოყვანისთვის არაფერი გაუკეთებიათ“, – აცხადებს ლევან იოსელიანი.