საქსტატი: თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 13.7% შეადგინა

2022 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.7 პროცენტი შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახური ავრცელებს.

როგორც საქსტატის ანგარიშშია აღნიშნული, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2022 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 5.1 პროცენტით განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.1 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.67 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე – ბოსტნეული და ბაღჩეული – 10.8 პროცენტი; მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 6.8%; შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 3.1 %; ზეთი და ცხიმი – 3%; ყავა, ჩაი და კაკაო – 2.7 %; პური და პურპროდუქტები – 1.7 %; თევზეული – 1.4 %.
ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე – -2.7%;

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.0 პროცენტით, რაც 0.12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია სატრანსპორტო მომსახურების ქვეჯგუფზე – 3.8%;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.3 პროცენტით, რაც 0.09 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე – 2 %, ისე თამბაქოს ნაწარმზე – 0.5%;

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.1 პროცენტიანი კლება, რაც თვის ინფლაციაზე -0.15 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა როგორც ფეხსაცმლის (-7.4%), ისე ტანსაცმლის (-2.6 %) ქვეჯგუფებზე“, – ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები