პაატა მანჯგალაძე: აბსოლუტურად შესაძლებელია “ქართული ოცნების” რეზოლუციის მიღება კონსენსუსით
“სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე ევროკავშირში დაჩქარებულად გაწევრიანების თაობაზე უმრავლესობის მიერ შემუშავებულ რეზოლუციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ისინი ტექსტს სრულად იზიარებენ და “ქართულ ოცნებასთან” ტექნიკური დავის დაწყებას არ აპირებენ.
მისი თქმით, აუცილებელია, საქართველოს პარლამენტმა რეზოლუცია დაჩქარებული წესით მიიღოს.
“ALDE-მ “სტრატეგია აღმაშენებლის”, “რესპუბლიკური პარტიისა” და “თავისუფალი დემოკრატების” ინიციატივით მხარი დაუჭირა რეზოლუციით საქართველოს ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას და ახლა მნიშვნელოვანია, ამავე საკითხზე “ნაციონალურმა მოძრაობამ” იმუშაოს თავის პარტნიორ” სახალხო პარტიასთან”, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ “სოციალ – დემოკრატებთან”, რაც ამ საკითხზე ევროპარლამენტის მხარდაჭერას გაზრდის.
აბსოლუტურად შესაძლებელია “ქართული ოცნების” რეზოლუციის მიღება კონსენსუსით – ჩვენთვის ტექსტი მისაღებია და ტექნიკურ დავას ნამდვილად არ დავუწყებთ “ქართულ ოცნებას”.
ახლა მთავარია, საქართველომ იმოქმედოს ძალიან სწრაფად. რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ მთავრობამ ძალიან სწრაფად იმოქმედოს, თუმცა, თავად პარლამენტი არ მოქმედებს სწრაფად, არ იხილავს რეზოლუციას დაჩქარებული წესით და ეს გადადო ორი კვირის შემდეგ განსახილველ საკითხებში, რაც ფარისევლური დამოკიდებულებაა და თვალთმაქცობაა. ერთი ხელით თითქოს აკეთებენ განაცხადს, მაგრამ არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ იმოქმედოს მთავრობამ. როცა ევროკავშირის ქვეყნებს და მთავრობას მოუწოდებ დაჩქარებას და შენ ორი კვირის მერე აკეთებ ამას, ეს არის თვალთმაქცობა”, – განაცხადა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტი მოამზადა.