მიხეილ სარჯველაძე: ნამდვილად არ არის კარგი დრო, რომ ახლა ზელენსკის გადაწყვეტილების ავკარგიანობაზე ვიმსჯელოთ

“მართალი გითხრათ, არ მგონია, რომ ზელენსკის გადაწყვეტილება სწორია ან უკრაინას რამეში დაეხმარება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევაზე საუბრისას “ქრონიკას” განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინისადმი მხარდაჭერა ხაზგასმით დააფიქსირა.

„მართალი გითხრათ, არ მგონია, რომ ზელენსკის გადაწყვეტილება სწორია ან უკრაინას რამეში დაეხმარება, მაგრამ ნამდვილად არ არის კარგი დრო, რომ ახლა ამ გადაწყვეტილების ავკარგიანობაზე ვიმსჯელოთ. ჩემი შემოთავაზებაა, რომ ამ თემაზე თავისუფალ რეჟიმში არ ვისაუბროთ. ობიექტურობა მოითხოვს იმის აღნიშვნას, რომ ყველაფრის გათვალისწინებით საქართველოს ხელისუფლების მიმართ ამ ნაბიჯის გადადგმა არ არის რელევანტური ან უკრაინისთვის რაიმე თვალსაზრისით სასარგებლო, ისევე როგორც საქართველოსთვის. საქართველოს ხელისუფლებამ ერთმნიშვნელოვნად და ხაზგასმით, ყოველგვარი დათქმის გარეშე დაადასტურა, რომ მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს, რასაც ყოველდღე ვამბობთ. ოღონდ ეს კეთდება არა მხოლოდ განცხადებების დონეზე, არამედ საქმითაც, რამდენადაც შეგვიძლია, მაგრამ არის საკითხები, რის უფლებასაც თავს უბრალოდ ვერ მივცემთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველამ გაითვალისწინოს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი – იგორ დოლგოვი გაიწვია. როგორც მან აღნიშნა, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდება იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ ხელი შეუშალა ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას, ხოლო სანქციების დაკისრების საკითხზე ჰქონდა „ამორალური პოზიცია“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები