ანა წითლიძე – უმრავლესობას: თქვენ არ გამოხატავთ ქართველი ხალხის ინტერესებს
„ეს ქვეყანა აუცილებლად იქნება თავისუფალიც, აუცილებლად იქნება ერთიანიც, აუცილებლად იქნება ევროპულიც და უკრაინელმა ხალხმა ნამდვილად იცის დღეს მთავარი, რაც თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომ ქართველი ხალხი სჯობია დღევანდელ ხელისუფლებას და თქვენ არ გამოხატავთ ქართველი ხალხის ინტერესებს”, – მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას” წევრმა, ანა წითლიძემ.
მისი თქმით, სანამ უმრავლესობა აქ დემაგოგიურ, მოღალატეობრივ განცხადებებს აკეთებს და ისევ წინა ხელისუფლებას და საქართველოს ადანაშაულებს ომის დაწყებაში, უკრაინის პრეზიდენტმა გაიწვია უკრაინის ელჩი ქვეყნიდან.
„საერთოდ, როგორ ბედავთ, რომ ამ უმძიმეს ჟამს ჩვენი მეგობარი უკრაინისთვის და, მათ შორის, საქართველოსთვის, გაბედოთ და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოთ ამ ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი, რომელიც საუკუნეების მანძილზე სისხლით მოვიპოვეთ მათ შორის ქართველებმა. რად გიღირთ ეს პოლიტიკური დივიდენდები, ან ხელფასი, ან სკამი რად გიღირთ, რას ეუბნებით სახლში რომ მიდიხართ საკუთარ შვილებს. განსაკუთრებით თქვენს რუპორებს, ბატონ მდინარაძე და ბატონ კობახიძეს მინდა მივმართო, თქვენ საერთოდ მართლა ვინ ხართ და როგორ ბედავთ, რომ ჩემს თაობას, 90-იანი წლების თაობას, რომელიც გავიზარდეთ რუსული ტანკების და ტყვიების ზუზუნის ქვეშ საოკუპაციო ზოლთან სამეგრელოში, ვინც არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაში, გაბედოთ და დააბრალოთ, რომ ომი დაიწყო თურმე საქართველომ.
თქვენს უტიფრობას საზღვარი არა აქვს, რაც თქვენ იკადრეთ, პარლამენტის ვიწროპარტიულ ჭრილში გადაყვანა, ამას აუცილებლად შეაფასებს ისტორია და თქვენ უნდა იცოდეთ თქვენს მოღალატეობრივ ქმედებაზე პასუხისმგებლობა მარტო თქვენ კი არა, მთელ თქვენს შთამომავლობას მძიმე ტვირთად დაეკისრება”, – მიმართა ანა წითლიძემ უმრავლესობის წევრებს.