ნიკოლოზ სამხარაძე: ვგმობთ რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ

„მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააგრძელოს უკრაინის ძლიერი მხარდაჭერა და მოახდინოს ეფექტიანი რეაგირება რუსეთის ფედერაციის მიმართ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევის გამო”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ კომიტეტის სახელით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო გმობს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას და უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.

„ვგმობთ რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და დონეცკისა და ლუგანსკის მარიონეტული რეჟიმების ე.წ. “დამოუკიდებლობის” აღიარებას.

საომარმა მოქმედებებმა უკვე გამოიწვია არაერთი ადამიანური მსხვერპლი და კვლავაც საფრთხეს უქმნის მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლეს. 21-ე საუკუნეში ძალის ასეთ გამოყენებას დაუშვებელია. იგი წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ევროპისა და შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობისათვის და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს. მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააგრძელოს უკრაინის ძლიერი მხარდაჭერა და მოახდინოს ეფექტიანი რეაგირება რუსეთის ფედერაციის მიმართ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევის გამო. ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერას და სოლიდარობას უკრაინას და უკრაინელ ხალხს ამ მძიმე წუთებში”,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები