პაატა მანჯგალაძე – უმრავლესობას: ემიჯნებით თუ არა პრემიერმინისტრის გუშინდელ განცხადებებს?

„მინდა, პირდაპირ დავუსვა კითხვა „ქართულ ოცნებას” – ემიჯნებიან თუ არა პრემიერმინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ დაიწყო ომი, ასევე, გეკითხებით, მიგაჩნიათ, რომ ევროპული სანქციები სუსტია და არ მუშაობს?”,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატმა, „სტრატეგია აღმაშენებლის” სახელით, უკრაინელ ხალხს უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა და პრემიერმინისტრის განცხადებებს გამოეხმაურა.

„ეს არის მნიშვნელოვანი თანადგომა, რაც იყო დღეს საქართველოს პარლამენტში, დროშის ფერებით არის მორთული, ძალიან სიმბოლურია და მნიშვნელოვანია. მჯერა, რომ ჩვენი მხარდაჭერა ამ ფორმას გაცდება, შინაარსს შეიძენს და კონკრეტულ ქმედებებში გადავა. თქვენ იცით, რომ გუშინ გავაკეთეთ განცხადება, რომ იყო „ალდეს” სამიტი.

„სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენლებმა დააყენეს საკითხი საქართველოს დაჩქარებული წესით გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ჩვენი მეგობრების, ლიბერალებისა და დემოკრატების პარტნიორების მხრიდან გვაქვს სრული მხარდაჭერა ამ მიმართულებით. იმედს ვიტოვებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა” „ევროპის სახალხო პარტიასთან” ერთად, თავის პარტნიორებთან ერთად, იმუშავებს ამ მიმართულებით, ასევე, სოციალ-დემოკრატებთან ერთად იმუშავებს „ქართული ოცნება” და ჩვენ გვექნება სრული მხარდაჭერა ევროპარლამენტში ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მინდა, რომ გავიგო „ქართული ოცნების” პოზიცია, ისევ შეცვლილი რეალობის პირობებში, 2024 წელს ველოდებით თუ ვაპირებთ, ვისარგებლოთ ქვეყანაში შექმნილი ვითარებით, მომენტით და დავიწყებთ დაჩქარებული წესით საქართველოს გაწევრიანების პროცესს. ანუ, მივმართავთ ევროპას ამ განაცხადით.

მინდა, პირდაპირ დავუსვა კითხვა „ქართულ ოცნებას” – ისინი ემიჯნებიან თუ არა პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ დაიწყო ომი. ევროპაშიც კი, სკეპტიკოსებმა, უკრაინა-რუსეთის ფონზე, შეიცვალეს პოზიცია, ხოლო პრემიერ-მინისტრი კვლავ აგრძელებს საკუთარი ქვეყნის დადანაშაულებას ომის დაწყებაში. ასევე, პრემიერ-მინისტრმა გაიმეორა რუსულ მედიაში გავრცელებული ნარატივი იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციები არ მუშაობს. უმრავლესობას ვეკითხები – თქვენ მიგაჩნიათ, რომ ევროპული სანქციები სუსტია და არ მუშაობს? ასევე, მან თქვა, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით ჩუმად, საქართველოს უფრო მეტად მოხვდება. ესეც მნიშვნელოვანი საკითხია და ამაზე ასე ფიქრობთ თუ არა უმრავლესობის წარმომადგენლები? ხშირად საუბრობთ პრაგმატულ პოლიტიკაზე და მინდა გკითხოთ: ამ პრაგმატული პოლიტიკიდან გამომდინარე, რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირებაში ვინ გაიმარჯვებს პრაგმატული პოლიტიკიდან გამომდინარე და როგორ ფიქრობთ, ვის მხარეს უნდა იყოს საქართველო”,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები