არმაზ ახვლედიანი: ბატონო თავმჯდომარევ, მომეწონა, როგორც გახსენით დღევანდელი სხდომა- ჰიმნით, პატივის მიგებით უკრაინელი დაღუპული მეომრების ხსოვნისადმი

„ბატონო თავმჯდომარევ, მომეწონა, როგორც გახსენით დღევანდელი სხდომა- ჰიმნით, პატივის მიგებით უკრაინელი დაღუპული მეომრების ხსოვნისადმი. შეიძლება, ბევრი სხვა რამ მოგეწონოს კიდევ. თუნდაც, აქციასთან დაკავშირებით-სისხლის ჩაბარება, თანხის შეგროვება. ყველაფერი უნდა მოიწონო, რა თქმა უნდა”, – განაცხადა ფრაქცია „ლელო” – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრმა, არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, მისაღებია ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან იქნება გამომდინარე. მისივე განცხადებით, მისთვის მიუღებელია პრემიერმინისტრის განცხადებები უკრაინის თემასთან დაკავშირებით.

„მე ერთი რამ მაფიქრებს, შეიძლება, ადამიანმა ფიზიკურად რაღაც ვერ მოახერხო. ვერ ჩახვიდე, ვერ გაუგზავნო შეიარაღება ობიექტურ მიზეზთა გამო, ბევრი სხვა რამ ვერ მოახერხო. გაგიგონ კიდეც ზუსტად და არავინ გისაყვედუროს. თუნდაც, გულის სიღრმეში. როცა პრემიერმინისტრს ვუსმენ, სულ მეჩვენება, რომ ის არ საუბრობს ჩვენი ქვეყნის სახელით და ძალიან ვწუხვარ ამის გამო. სულ არ მიხარია. ვფიქრობ, “ოცნებაში” არიან ადამიანები, რომლებიც ამას განიცდიან და ხვდებიან, რომ ეს არ არის საქართველოს ხმა. ეს ვერ იქნება საქართველოს პოზიცია. ჩვენ უნდა დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი. არ მოგვერიდოს, არ შეგვეშინდეს. კრემლი და მისი მესვეური, 21-ე საუკუნის უმთავრესი, პირსისხლიანი დიქტატორია. რომელმაც ამ დღეში ჩააგდო უკრაინელი ხალხი და მთელი მსოფლიო. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ დღეში ვართ ჩვენც კრემლის გამო და ერთადერთი გამოსავალი და გზა ევროკავშირში, ნატო-ში დაჩქარებული წესით საქართველოს გაწევრიანების პროცედურის დაწყებისა არის ის, რომ დღეს მყარად, უკანმოუხედავად ვიყოთ უკრაინასთან და უკრაინელ მეგობრებთან ერთად”, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები