მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ყველაზე მეტად გვესმის და ყველაზე მეტად გვტკივა უკრაინელი ხალხის განსაცდელი

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ევროპის შუაგულში ყოვლად გაუმართლებელი და წარმოუდგენელი აგრესია ხორციელდება, რომელიც სამწუხაროდ თავიდან ვერ იქნა აცილებული.

„დღეს უკრაინელი ხალხი იბრძვის არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოებისთვის და ყველას ვალია იდგეს მათ გვერდით. ჩვენ ათწლეულზე მეტია ამ საფრთხის შესახებ მუდმივად ვსაუბრობდით ჩვენს პარტნიორებთან, და გულსატკენია, რომ საფრთხის სიმძიმის გასააზრებლად და შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების განსახორციელებლად მსხვერპლის გაღება მოგვიწია ჩვენ და დღეს უწევს ჩვენს მეგობარ ხალხს.

საქართველო ამ ომს საკუთარ თავზე განიცდის 2008 წლიდან. ჩვენ დღესაც ოკუპაციის ტკივილით ვცხოვრობთ. ჩვენ ყველაზე მეტად გვესმის და ყველაზე მეტად გვტკივა უკრაინელი ხალხის განსაცდელი. ამ ვითარებაში ყოვლად წარმოუდგენელი და მიუღებელია საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად ქვეყნისთვის საზიანო, მავნებლური კამპანიების წარმოება”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, იმისათვის რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები, დღეს, როგორც არასდროს, საქართველოს სჭირდება პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა და გონიერება.

„ჩვენ, პარლამენტის წევრებს შეგვიძლია გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო პლატფორმა, სადაც ხელი მიგვიწვდება, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას ამ მძიმე ბრძოლაში და ამასთანავე, დავიცვათ საკუთარი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები. გასული კვირა დატვირთული იყო საერთაშორისო საპარლამენტო ღონისძიებებით ევროპის საბჭოში, ეუთოში, ევროკავშირში, ნატოში. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ ყველა შესაძლო პლატფორმა მაქსიმალურად გამოვიყენეთ უკრაინის მხარდაჭერისთვის. გაიმართა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია, რომლის ფარგლებშიც მტკიცე მხარდაჭერა გამოვუცხადეთ უკრაინას და დავგმეთ საერთაშორისო სამართლის ნორმების მორიგი უხეში დარღვევა. ჩვენს კოლეგებს ეუთო-ს წევრი ქვეყნებიდან კიდევ ერთხელ შევახსენეთ, რომ სუვერენული სახელმწიფოები არ უნდა ხდებოდნენ სუვერენული უფლების განხორციელების მსხვერპლი და უნდა გვქონდეს ჩვენი საკუთარი აწმყოს და მომავლის განსაზღვრის შესაძლებლობა.

გასულ კვირას ასევე გაიმართა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს დელეგაციამ ევროპარალემენტის წევრებთან ერთად შეიმუშავა განცხადება უკრაინის შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ნაწილის ანექსია და უკანონო ოკუპაცია, ისევე როგორც მოლდოვას რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონში მოუგვარებელი კონფლიქტი, რეგიონსა და მთლიანად ევროპას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ევროპარლამეტარებთან ერთად კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ ევროკავშირის ინსტიტუტებს, შეინარჩუნონ უკრაინისა და ევროპული მისწრაფებების მქონე სხვა პარტნიორებისთვის „ევროკავშირის ხელშეკრულების” 49-ე მუხლის შესაბამისად ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა.

ჩვენ შევუერთდით ევროპარლამენტის ლიდერების განცხადებას უკრაინის შესახებ, რომელიც მტკიცედ უარყოფს ნებისმიერ მცდელობას, შეასუსტოს და ძირი გამოუთხაროს ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის პრინციპებსა და მექანიზმებს. საქართველო უერთდება ევროკავშირის განცხადებებს უკრაინის შესახებ”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები