გურამ მაჭარაშვილი: მივყვებით იმ გადაწყვეტილებებს, რაც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მივიღეთ, ეს არის ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს განაცხადის გაკეთება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების თაობაზე ოპოზიციის მითითებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ამ საკითხთან დაკავშირებით თანმიმდევრულად მიყვება იმ გადაწყვეტილებებს, რაც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იქნა მიღებული.
“თანმიმდევრულად მივყვებით იმ გადაწყვეტილებებს, რაც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გვაქვს მიღებული, ეს არის ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს განაცხადის გაკეთება და სწორედ ამისთვის ემზადება ქვეყანა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რომ უკვე თავსებადი იყოს განაცხადის გაკეთება”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
მან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე დაჩქარებულ პროცესებზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მთელი მსოფლიო მობილიზებულია, რათა უკრაინას დახმარება აღმოუჩინოს.
“რაც შეეხება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე დაჩქარებულ პროცესებს, მგონი, აქ ბევრი ახსნა არ არის საჭირო, ეს რატომ ხდება. მთელი მსოფლიო მობილიზებულია, რომ უკრაინას დახმარება აღმოუჩინოს ყველა კუთხით. აქედან გამომდინარე, მარტივად ასახსნელია, თუ რატომ შეიძლება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი დაჩქარდეს. რადიკალურ ოპოზიციას ვურჩევ, ამ ნარატივზე დაჯდომას საქმეს მიხედოს, რომელიც ბევრია. სჯობს, თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ერთხელ მაინც რაღაც ნაბიჯები გადადგან და მათგან გავიგონოთ სიტყვა სახელმწიფო ინტერესებზე და მხოლოდ ორიენტირებული არ იყვნენ პარტიულ ინტერესებზე. ჩვენი მიზანი განაცხადის გაკეთება არ არის, ჩვენი ამოცანაა, განაცხადის გაკეთების შემდეგ პარტნიორებმა ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღონ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა “პირველი არხისთვის” მიცემულ ინტერვიუში.